ჰარვარდის უნივერსიტეტის ჟურნალი აცხადებს, რომ მას ჯერ სრულად არ გადაუმოწმებია კვლევა, რომლის მიხედვითაც ადრეული ხანის ქრისტიანების ნაწილს სჯეროდა, რომ იესოს მეუღლე ჰყავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კვლევა ეყრდნობა მეოთხე საუკუნის პაპირუსის ფრაგმენტს, რომელიც შეიცავს კოპტურ ტექსტს. ტექსტში იესო ქრისტე იყენებს სიტყვებს ”ჩემი მეუღლე.” სამშაბათს ჰარვარდის ღვთისმეტყველების სკოლის პროფესორმა კარენ კინგმა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ აღნიშნული ფრაგმენტი დღემდე მოღწეული ერთადერთი უძველესი ტექსტია, რომელშიც იესო მკაფიოდ საუბრობს მეუღლის შესახებ.
Associated Press-ი აღნიშნავს, რომ კინგის კვლევა იანვარში უნდა გამოქვეყნებულიყო ჰარვარდის თეოლოგიურ რეცენზიაში. გამოცემის რედაქტორის, კევინ მადიგანის განცხადებით, ისინი ჯერ კიდევ მიმდინარე კვლევის შედეგებს ელოდებოდნენ. მადიგანის თქმით, დამატებითი კვლევები შეიცავს მეცნიერულ დათარიღებას, დამატებით ანგარიშებს კოპტელი პაპირუსის მცოდნეებისგან და ლინგვიტებისგან.
Associated Press-ი, რომელიც აღნიშნული ფრაგმენტის ავთენტურობითა და წარმომავლობით დაინტერესდა, მეცნიერებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პაპირუსის ფრაგმენტის სისწორემ, ფორმამ და შიგთავსმა რამდენიმე ეჭვი გააჩინა. ერთ-ერთმა პაპირუსის მცოდნემ ჰამბურგის უნივერსიტეტიდან აღნიშნულ ფრაგმენტს ყალბი უწოდა.
ბოსტონის უნივერსიტეტის არქეოლოგის, რიკარდო ელიას თქმით, ჰარვარდმა უნდა გადადოს კვლევის შედეგების გამოქვეყნება, სანამ ფრაგმენტის მფლობელი და წარმომავლობა უფრო ნათლად დადგინდება. ელიას თქმით, ის ფაქტი, რომ ჰარვარდს აღნიშნული ფრაგმენტის მფლობელის ვინაობა არ დაუსახელებია, კითხვებს აჩენს. მისი მოსაზრებით, ჰარვარდი, როგორც ჩანს, იცავს მის მფლობელს. იქიდან გამომდინარე, რომ პაპირუსი სავარაუდოდ ეგვიპტიდანაა, შესაძლოა იგი ეგვიპტის კულტურული საკუთრება იყოს.
Associated Press-ის ცნობით, პერგამენტის ფრაგმენტს კარენ კინგმა იესოს მეუღლის სახარება უწოდა. ადრეული ეგვიპტელი ქრისტიანების ენაზე დაწერილი ტექსტი შეიცავს იესოს მიმართვას ქალის, მერისადმი - ”როგორც ჩემს მეუღლეს.” პაპირუსზე აგრეთვე შემდეგი წარწერაა დატანილი - ”მას შეუძლია იყოს ჩემი მოსწავლე.”
კინგი აცხადებს, რომ პაპირუსის ფრაგმენტი არ არის იმის მტკიცებულება, რომ იესო ნამდვილად იყო დაქორწინებული. მისი თქმით, იგი უბრალოდ მოწმობაა, რომ ადრეული ქრისტინების გარკვეული ნაწილი ფიქრობდა, რომ იესოს მეუღლე ჰყავდა.
ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, იესო არ ყოფილა დაქორწინებული. საწინააღმდეგოს მტკიცებულება ან იმის, რომ მას ქალი მოსწავლე ჰყავდა, დისკუსიას გამოიწვევს ეკლესიაში ქალის როლის შესახებ.





