საპროტესტო აქცია

სტუდენტების ნაწილმა პატრიარქის კურთხევით აქციები შეწყვიტა

სტუდენტური გაერთიანება, რომელიც 2 დღის განმავლობაში შს მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგომისა და პატიმრების წამების შეწყვეტის მოთხოვნით თბილისში სხვადასხვა ადგილას საპროტესტო აქციებს მართავდა, პატრიარქის კურთხევით აქციებს წყვეტს.

სტუდენტური გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა News.Ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ იგი 20 სექტემბერს პატრიარქს 3 სტუდენტთან ერთად შეხვდა. მისი თქმით, სტუდენტური გაერთიანება პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აქციებს წყვეტს. მისი განცხადებით, პატრიარქმა სტუდენტები დალოცა, აქციების შეწყვეტის კურთხევა მისცა და დააპურა. პატრიარქმა მათ აქციის დანარჩენ მონაწილეებთან ძღვენი - საკვები პროდუქტები გაატანა.

როგორც ცნობილია, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ. სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"  დღეს 1 საათზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებას აპირებს, საიდანაც გლდანის მერვე საპყრობილესკენ მსვლელობას გამართავს.

 

კომენტარები