ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და უარი თქვან ისეთ განცხადებებსა და ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა პროვოკაციულად იქნას აღქმული. განცხადება ამის შესახებ მისიის ხელმძღვანელმა, ანდჟეი ტიშკევიჩმა გააკეთა.
"ამ რთულ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო წვრთნები "კავკასია 2012" და საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება, მეტად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ უარი თქვას ისეთ განცხადებებსა და ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა პროვოკაციულად იქნას აღქმული. ამ პერიოდში ვითარების გაუარესება არავის ინტერესში არ შედის." - აღნიშნავს ელჩი.
ტიშკევიჩის თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამ დროისთვის აქცენტს აკეთებს, რომ ადმინისტრაციულ საზღვრებთან სტაბილურობა იქნეს შენარჩუნებული და ყველაფერს გააკეთებს, რომ რაიმე პროვოკაცია არ მოხდეს.
”ყველა მხარესთან გაგრძელდება მუშაობა, ვიდრე დაძაბულობა არ შემცირდება. ჩვენი მიზანი კვლავ რჩება, შენარჩუნდეს ხალხის უსაფრთხოება და სტაბილურობა ადმინისტრაციულ საზღვრისპირა რეგიონში". - აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.




