Pussy Riot

შედეგები ერთი წლის შემდეგ

იმუშავა თუ არა სახის დაფარვამ საფრანგეთში

მარსელში რუსული პანკ-ჯგუფის, Pussy Riot-ის მხარდასაჭერ აქციაზე დემონსტრანტები მოულოდნელად პოლიციის ალყაში აღმოჩნდნენ. შვიდი მათგანი მალევე დააკავეს. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მათი დაჭერის მიზეზი არც უკანონო დემონსტრაცია იყო და არც პროტესტის მწვავე ფორმები, არამედ ნაქსოვი ჩაფხუტები (ე.წ. balaclavas), რომელსაც აქციის მონაწილეები Pussy Riot-ის გოგონების მსგავსად ატარებდნენ. საფრანგეთში 2011 წლის აპრილში მიღებული რეგულაციის თანახმად, საზოგადოებრივ ადგილებში სახის დაფარვა იკრძალება.

აქტი „საზოგადოებრივ ადგილებში სახის დაფარვის აკრძალვის შესახებ” 2011 წლის 11 აპრილს მიიღეს. ახალი რეგულაციის თანახმად, საზოგადოებრივ ადგილებში – ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და პარკებში აიკრძალა ისეთი თავსაბურავების ტარება, რომელიც სახეს სრულად ფარავს. რაც შეეხება ჩადრს, ბურქას ან სხვა რელიგიურ თავსაბურავს, იმ შემთხვევაში, თუ სახეს არ ფარავს, მათი ტარება დასაშვებია. კანონი ეხება ყველას, მათ შორის უცხოელ ტურისტებსაც. კანონით დაშვებული გამონაკლისი, მოტოციკლეტის ტარებისას ან სარემონტო სამუშაოების დროს მუშებისთვის გათვალისწინებული სპეციალური უსაფრთხოების მუზარადია.

კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია მკაცრი ჯარიმები. საწყისი ფულადი ჯარიმა 150 ევროა, ხოლო მათთვის კი, ვინც ძალადობით ან მუქარით სხვას აიძულებს სახის დაფარვას, 30 000 ევრო და ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთაა (პასუხისმგებლობის ზომები ორმაგდება, თუ მსხვერპლი 18 წლამდე ასაკისაა).

ისლამი საფრანგეთში სიდიდით მეორე რელიგიაა. მისი მიმდევრების რაოდენობა 5 000 000-ს აღწევს და ყოველდღე იზრდება. დღეს საფრანგეთში ბევრი მუსლიმი თავსაბურავს საერთოდ არ ატარებს. როგორც ვარაუდობდნენ, შემოღებული აკრძალვით, კანონის საზღვრებში 2000-მდე ქალი მოექცეოდა. მათი უმრავლესობა ატარებს ნიღაბს – თავსაბურავზე დამაგრებულ ნაჭერს, რომელიც, თვალების გარდა, მთელ სახეს ფარავს. ნიღაბი აპრილში შემოღებული კანონით აიკრძალა. კანონი ასევე შეეხო ბურქას, რომელიც, სახის გარდა, მთელ სხეულს ფარავს და რომელსაც, ძირითადად, ავღანეთში ატარებენ.

კანონპროექტის ინიციატორის, ნიკოლა სარკოზის თქმით, აქტის მიზანი ფრანგული იდენტობის და სეკულარული საზოგადოების ღირებულებების დაცვაა. კანონი საფრანგეთის სენატმა 246 ხმით მიიღო ერთის წინააღმდეგ. ერთადერთი მოწინააღმდეგე დენიელ გერიგი იყო, კავშირი სახალხო მოძრაობისათვის (UMP) ყოფილი წევრი, რომლის თქმითაც, ექსტრემიზმთან ბრძოლამ ფრანგულ საზოგადოებას ტოტალიტარიზმისკენ ნაბიჯები არ უნდა გადაადგმევინოს.

კანონს საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც უჭერს მხარს: „არანაირი სურვილი არ მაქვს, ამ კანონის დისკრედიტაცია მოვახდინო, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთისთვის”, – განაცხადა მან Le Monde-თან ინტერვიუში. რაც შეეხება საზოგადოებრივ აზრს, საფრანგეთი ორად არის გაყოფილი. კანონის მხარდამჭერთა თქმით, ტერორიზმის მზარდი საფრთხის ფონზე მსგავსი რეგულაციები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი, კანონი ასევე უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობისა და ქალის ღირსების დაცვას. უმცირესობაში მყოფი მოწინააღმდეგეები კი, ადამიანის უფლებებსა და ინდივიდის თავისუფლების შეზღუდვაზე აპელირებენ. Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულ რესპონდენტთა 80% აკრძალვას ემხრობა.

სენ დენის მუსლიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი ჰამიდ ჰენიჩი ამბობს, რომ ეს კანონი შიდა პატიმრობის ტოლფასია. ნიღაბის ტარება მუსლიმი ქალისთვის ღირსების საკითხია. მას შემდეგ, რაც რეგულაცია ძალაში შევიდა, ქალებს ურჩევნიათ შეზღუდონ მიმოსვლა და დარჩნენ შინ, ვიდრე ღირსების საწინააღმდეგოდ მოიქცნენ. „ჩვენ მივიღეთ ის, რომ ქალებს თავიანთი რელიგიური მრწამსის თავისუფლად გამოხატვის გამო აჯარიმებენ. კანონი კი არ იცავს მათ, არამედ პატიმრობაში ამყოფებს”, – ამბობს წარმოშობით ალჟირელი ფრანგი ბიზნესმენი რაჰიდ ნეკაზი. ის მუსლიმ საზოგადოებაში ტრადიციების შენარჩუნებისთვის იბრძვის, ამიტომ ხალხს შესთავაზა, რომ ნიღაბის ტარების აკრძალვისთვის გამოწერილ ნებისმიერ ჯარიმას თვითონ გადაიხდიდა. ამჟამად სულ 412 ჯარიმა აქვს გადახდილი, დაახლოებით 50 000 ევრო.

მუსლიმი ქალები ნიღაბის ტარებას დღემდე აგრძელებენ, რადგან ნიღაბი გათხოვილი მუსლიმი ქალისთვის რელიგიურ მოვალეობად მიიჩნევა. ამით ის ნამუსს ინახავს. „როდესაც პოლიცია მოგვიწოდებს მოვიხსნათ ნიღაბი, ასეც ვიქცევით. ამით ისინი ჩვენს ღირსებას შეურაცხყოფენ, თუმცა დავას აზრი არ აქვს, როცა ადგილს გაეცლებიან, ისევ ვიკეთებთ”, – ამბობს კენზა დრაიდერი, კანონის ცნობილი კრიტიკოსი.

საფრანგეთი არ არის ევროპის ერთადერთი სახელმწიფო, სადაც მსგავსი კანონი მოქმედებს. ანალოგიური კანონი მიიღეს ბელგიამ და იტალიის რამდენიმე ქალაქმაც, კანონპროექტი განხილვის დონეზეა ავსტრიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, აქ თავსაბურავის ტარების საკითხი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა დისკრეციას დაუქვემდებარეს.

მიშელ ბუშერონის (union UNSA Police) თქმით, უკანასკნელმა ინციდენტებმა მარსელსა და რუბოში, საფუძვლიანი გახადა ის ეჭვები, რაც კანონპროექტის განხილვისას არსებობდა, გაიზარდა დაძაბულობა პოლიციასა და მუსლიმებს შორის, რომლებიც ღარიბ კვარტლებში ცხოვრობენ და ყოველდღიურად განიცდიან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას. ბუშერონი საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებს მოუწოდებს, დაემორჩილონ კანონს, მაგრამ ამასთანავე არ შეწყვიტონ ბრძოლა მის გასაუქმებლად. საფრანგეთის სასამართლოებში საჩივრების რაოდენობა კი დღითი დღე იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ საჩივრებმა საფრანგეთის უზენაეს სასამართლომდე მიაღწიოს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიდა რესურსები იქნება ამოწურული, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეეძლება მისი განხილვა რელიგიის თავისუფლების ჭრილში, რაც გრძელვადიანი, თუმცა შედეგიანი პროცესია.

კომენტარები