Pussy Riot

რუსეთში მკვლელობის ადგილას წარწერა Free Pussy Riot აღმოაჩინეს

რუსეთში, ქალაქ ყაზანში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მკვლელობის ადგილას წარწერა Free Pussy Riot აღმოაჩინეს. BBC-ის ინფორმაციით, მოკლულია დედა-შვილი, ხანშიშესული ქალბატონი და მისი ქალიშვილი. გავრცელებული ცნობით, წარწერა კედელზე სისხლით დაწერეს.

გამოცემის ცნობით, სამართალდამცავებმა გარდაცვლილების სხეულზე დანით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღმოაჩინეს. გამოძიების ვერსიით, დედა-შვილი რამდენიმე დღის წინ მოკლეს.

აღნიშნულ ინციდენტს პანკ ჯგუფ Pussy Riot-ის წევრების ადვოკატები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, მომხდარი პროვოკაციაა და იმედოვნებენ, რომ მკვლელი დაისჯება.

17 აგვისტოს Pussy Riot-ის სამი წევრი, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, ეკატერინა სამუცევიჩი და მარია ალიოხინა სასამართლომ ხულიგანობაში დამნაშავედ ცნო. ჯგუფის წევრებს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

Pussy Riot-ის წარმომადგენლები საგამოძიებო იზოლატორში მარტიდან იმყოფებიან, 21 თებერვალს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძარში შესრულებულიპანკ-ლოცვისათვის - „ღვთისმშობელო გააგდე პუტინი.“

 

კომენტარები