რუსთავში შარტავას მოედანზე ქართული ოცნების აქცია ჩატარდა. აქციაზე კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. მან კოალიციის მხარდამჭერებს ქართული ოცნების პრიორიტეტები და რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატი, ზვიად ძიძიგური გააცნო.
ივანიშვილმა რუსთავში ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლიდერი გამოსვლისას ასევე შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ბიზნესეგარემოს გაჯანსაღება, რეფორმები სასამართლოსა და განათლებაში და შრომის კოდექსის შექმნა. ივანიშვილმა მაესტროს სატელიტური თეფშების დაყადაღების შესახებაც ისაუბრა და მმართველი პარტია „სიმართლის გავრცელების“ შეზღუდვაში დაადანაშაულა.
ივანიშვილმა ხელისუფლება არჩევნების გაყალბების სურვილშიც დაადანაშაულა. მისი თქმით, მასწავლებლები და ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები არჩევნების გაყალბებაში არიან ჩართული. კოალიციის ლიდერმა განაცხადა, რომ ყველა გამყალბებელი სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს.
მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური ივანიშვილმა დაახასიათა, როგორც ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი ქართულ ოცნებაში. ძიძიგურმა თავის მხრივ უმუშევრობის პრობლემაზე ისაუბრა და ხელისუფლებას „ტოტალიტარული“ უწოდა. მისი თქმით, პირველ ოქტომბერს ამომრჩეველმა ბიძინა ივანიშვილს ბიძინობა უნდა მიულოცოს და ხმა კოალიციას მისცეს.
აქცია ტრადიციულად ბერა ივანიშვილის სიმღერით დასრულდა.




