
90-იანი წლების დასაწყისამდე ამერიკული სიტკომის (სიტუაციური კომედიები) სამყარო წარმოუდგენლად ერთფეროვანი იყო. ერთნაირად შეფუთული ათობით შოუ, ოდნავ განსხვავებული ხუმრობებითა და ხერხებით მაყურებლის მოზიდვას ცდილობდა. ლარი დევიდმა და ჯერი საინფილდმა განსხვავებული სერიალის შექმნა გადაწყვიტეს და ეს გამოუვიდათ კიდეც. Seinfeld სიტკომია, რომელიც 4 მთავარი პერსონაჟის გარშემოა აგებული და მათ მეგობრობის გარდა საერთო არაფერი აქვთ. სერიალი შედგებოდა მოკლე მინიატურებისგან, რომელთა სიუჟეტი ყოველი სერიის ბოლოს იკვრებოდა. ეს არ იყო კლასიკური კომედიური შოუს მაგალითი, სადაც მთლიანი სიუჟეტის განვითარებას და პერსონაჟების ურთიერთობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ეს იყო სერიალი, რომელსაც ერთადერთი დანიშნულება ჰქონდა – გამოეწვია დაუსრულებელი სიცილი.
ტელეკომპანია NBC Seinfeld-ის რეიტინგით იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ გარისკა და მარტა კაუფმანისა და დევიდ კრეინის თითქმის იმავე სტილის სერიალს მწვანე შუქი აუნთო. ტელეკომპანია არ შემცდარა, Friends დღეს უკვე ჟანრის კლასიკად ითვლება, თუმცა თავის დროზე არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. 6 მეგობრის ნიუიორკული ისტორიები ბევრისთვის Seinfeld-ის გადამღერება იყო. კრეინმა და კაუფმანმა ოქროს შუალედი იპოვეს, თუ როგორ უნდა ყოფილიყო კლასიკური სიტკომის სტილში გადაღებული სერიალი, Seinfeld, სასაცილო. რეიჩელი, მონიკა, ფიბი, როსი, ჩენდლერი და ჯოუი – ათობით პერსონაჟის ინსპირაცია გახდა. მეგობრების უბრალო ყოველდღიური ყოფა, ნაცნობი სიტუაციები, სასიყვარულო ინტრიგები – ანუ ყველაფერი ის, რაც ასე ბანალური ჩანს ფურცელზე, შოუს მთავარ კოზირად იქცა.

გროენინგის მულტფილმს South Park და Family Guy მოჰყვა. ორი ანიმაციური სიტკომი, რომელსაც წლებია ფართო აუდიტორია ჰყავს და მიუხედავად Simpsons-თან ბევრი საერთოსი (ეს Family Guy-ს უფრო ეხება), მაინც ახერხებენ განსხვავებულ სასაცილო ისტორიებში მაყურებლის გახვევას.
რამდენადაც წარმატებული იყო 90-იანებში სიტკომები, იმდენად ნაკლებმიმზიდველი იყო ამერიკული დრამა-სერიალები. X files, Twin Peaks, ER 90-იანების პირველი ნაწილის იშვიათი გამონაკლისებია. გარდატეხა საკაბელო ტელეკომპანია HBO-ს აღორძინებასთან ერთად მოხდა. 90-იანების ბოლოს HBO-ს მესვეურებმა უარი თქვეს დაწერილი წესებით თამაშზე. მათ ახალი მოდა დაამკვიდრეს, არასაბავშვო სერიალები, სადაც სექსი, ძალადობა, სიშიშვლე, ნარკოტიკები და უხამსობა ჩვეულებრივი მოვლენაა. აქ მსახიობები, სცენარი, მუსიკა, ოპერატორი, ყველაფერი მხატვრული კინოს სტანდარტებს 
HBO-მ დაასრულა ჰეფი ენდიანი ამერიკული ზღაპრების ხანა და დასაბამი ახალ, სისხლიან, მძიმე, მაგრამ რეალისტურ სერიალებს მისცა. პირველი ასეთი შოუ იყო Oz, რომელსაც მალე Sopranos მოჰყვა. ვინც არ იცის, ეს რა სერიალია, მარტივად შევეცდები ავხსნა – „სოპრანოს კლანი” სატელევიზიო შოუებისთვის იგივეა, რაც კოპოლას „ნათლია” ამერიკული კინოსთვის. ტონი სოპრანოს ისტორიამ კრიტიკოსების აღფრთოვანება დაიმსახურა და სატელევიზიო შოუ მხატვრული გამოხატვის მნიშვნელოვან ფორმად აღიარა.
ტელეკომპანიამ თავისი წესები კომედიურ ჟანრშიც „დანერგა”. Sex and the City 1998 წელს გამოვიდა და 6 წელი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ეს იყო 4 მეგობარი ქალის გულღია, პირდაპირი საუბრები ტაბუდადებულ თემებზე. მათი მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება და ურთიერთობები მილიონობით ქალისა და მამაკაცის „რჩევების წიგნად” იქცა. HBO ამით არ დაკმაყოფილდა – ზემოთ ჩამოთვლილ სერიალებს 6 Feet Under, Carnivàle და Wire მოჰყვა – ნამუშევრები, რომლებმაც სერიალების სტანდარტი ძალიან მაღლა ასწიეს და HBO-ც სატელევიზიო შოუების უდავო მეფედ იქცა.
საკაბელო ტელევიზიის შოუების პოპულარობამ დიდი ტელეკომპანიების მფლობელები მიახვედრა, რომ ცვლილებათა ქარს ვერ გაექცეოდნენ და, სულ ცოტა, HBO-სთვის უნდა მიებაძათ. საჭირო იყო სერიალებში მეტი სოციალური, პოლიტიკური, საზოგადოებრივი პრობლემის წამოჭრა, მეტი რეალურობა და მუქ ფერებზე აქცენტის გაკეთება. კლასიკური გმირები გადაშენების პირას იყვნენ, საჭირო იყო ანტიგმირების შექმნა, რომლებიც ცივსისხლიან, რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ.
ტელეკომპანიები ABC და FOX ყველაზე კარგად მიხვდნენ ამის აუცილებლობას და 2004 წელს ორივემ თავისებურად რევოლუციური პროექტი Lost და House დაიწყო. ჯეი ჯეი აბრაამსის Lost უპრეცედენტო პროექტი იყო, ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი სერიალი ტელევიზიების ისტორიაში. აბრაამსმა და მისმა გუნდმა აქცენტი ცხოვრებისეული დრამისა და მისტიკის ნაზავზე გააკეთეს.

სატელევიზიო თამაშები კი გრძელდება. დღეს ზემოხსენებული სერიალებიდან მხოლოდ მულტფილმები გადის. სატელევიზიო ბადე ახალ ისტორიებსა და სერიალებს უჭირავს. Game of Thrones, Walking Dead, Breaking Bad, Mad Men – საკაბელო ტელევიზიის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები არიან. დიდ ტელეკომპანიებში სტაბილურ რეიტინგს How I Met Your Mother, The Big Bang Theory, Modern Family ინარჩუნებენ, სამი სიტკომი, რომელიც სხვადასხვა დოზით ცოტათი Seinfeld-სა და Friends-ს ჩამოჰგავს.
ტიმ როტი, პოლ ჯიამატი, კეიტ უინსლეტი – სულ უფრო მეტი უმაღლესი კლასის მსახიობი თამაშობს სატელევიზიო დადგმაში. ისეთი რეჟისორები, როგორებიც კვენტინ ტარანტინო და ბრაიან სინგერი არიან, არ თაკილობენ შოუსთვის ერთი ეპიზოდის გადაღებას. ჰოლივუდის პროდიუსერები თავიანთი პროექტების ტელევიზიაში გაცოცხლებას ცდილობენ – სტივენ სპილბერგი და მარტინ სკორსეზე ამის კარგი მაგალითია. ტელევიზია სულ უფრო მიისწრაფვის კინოსკენ და ეს შეუქცევადი პროცესია. და ამ ყველაფერს, დიდწილად, HBO-ს, Seinfeld-ს, Friends-სა და Simpsons-ს უნდა ვუმადლოდეთ.





