სირია

ბრიტანეთი სირიელ ამბოხებულებს 5 მილიონი გირვანქის ღირებულების აღჭურვილობას მიაწვდის

ბრიტანეთმა გადაწყვიტა სირიის თავისუფალ არმიას 5 მილიონი გირვანქის ღირებულების აღჭურვილობით დაეხმაროს. ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლები ჯავშანჟილეტებს, საკომუნიკაციო ტექნიკასა და მედიკამენტებს მიიღებენ. აქამდე ბრიტანეთი სირიის ნაციონალურ საბჭოს ეხმარებოდა, რომელიც ასადის მოწინააღდმეგეთა სხვდასხვა ძალებს აერთიანებდა, თუმცა საბჭოს საქმიანობა არაეფექტური აღმოჩნდა.

ამას გარდა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ ბრიტანელმა დიპლომატებმა ამბოხებულების პოლიტიკურ ფრთასთან მოლაპარაკებები დაიწყეს. ჰეიგმა აგრეთვე განმარტა, რომ დახმარების პაკეტში სამხედრო აღჭურვილობა არ შედის, ჯავშანჟილეტები კი სამოქალაქო პირებისთვის არის განკუთვნილი. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბრიტანეთი მომავალშიც გააგრძელებს სირიელი ამბოხებულების არასამხედრო აღჭურვილობით დახმარებას.

ამასობაში ამერიკამ გადაწყვიტა ტერორისტულ ორგანიზაცია ჰეზბოლას ახალი სანქციები დაუწესოს ასადის რეჟიმის დახმარებისთვის. ამერიკული მხარის განცხადებით, ჰეზბოლას დახმარებით ირანელები სირიის სამთავრობო არმიის ნაწილებს წვრთნიდნენ. დაწესებული სანქციები ტერორისტული ორგანიზაციის ამერიკული აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.

კომენტარები