რუსეთი

Pussy Riot კანდინსკის პრემიაზე წარადგინეს

Pussy Riot კანდინსკის პრემიაზე წარადგინეს წლის პროექტის ნომინაციაში. Pussy Riot-მა ნომინაცია ეკლესიაში სიმღერით დაიმსახურა, რომელშიც მათ ღვთისმშობელს რუსეთის პუტინისგან განთავისუფლება სთხოვეს. 2012 წლის მარტში ჯგუფის 3 წევრი გოგონა დააპტიმრეს, აპრილში კი Amnesty International-მა ისინი სინდისის პატიმრებად ცნო. ამჟამად Pussy Riot-ის თითოეულ წევრს 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ჯგუფი პრემიაზე არტ კრიტიკოსმა ირინა კულიკმა წარადგინა. ნომინაციას პროექტის ავტორის თანხმობა სჭირდება, მაგრამ Pussy Riot-ის შემთხვევაში გამონაკლისი იქნა დაშვებული და ამ ეტაპზე ჯგუფის წევრების ზეპირი თანხმობა საკმარისად ჩაითვალა. განაცხადს მათმა ადვოკატებმა მოაწერეს ხელი. პრემიის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ გოგონებისგან ხელმოწერას 17 აგვისტოს შემდეგ მიიღებენ. სწორედ ამ დღეს ჯგუფის წევრებს სასამართლომ განაჩენი უნდა გამოუტანოს.

კანდინსკის პრემია 2007 წელს დაარსდა. ამჟამად მას ორი ნომინაცია აქვს: წლის პროექტი და წლის ახალგაზრდა მხატვარი. გამარჯვებულებს ჯილდოდ, შესაბამისად, 40,000 და 10,000 ევრო გადაეცემათ. პრემია რუსი მხატვრის ვასილი კანდინსკის (1866-1944) სახელს ატარებს.

 

კომენტარები