ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე ამბოხებულთა შორის ანტი-ამერიკული განწყობა მატულობს. ისინი თავს ამერიკისგან მიტოვებულად გრძნობენ. მათი განცხადებით, მათ მიერ ამერიკის ეჭვითა და უნდობლობით ყურების მიზეზი ის არის, რომ თეთრი სახლის მათდამი მხარდაჭერა სიტყვებს ვერ გასცდა. ამბოხებულთა სამხედრო შენაერთების წარმომადგენელები აცხადებენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში არ დაივიწყებენ ვინ დაეხმარა მათ და ვინ არა.
სირიაში სისხლიანი დაპირისპირება 17 თვის წინ დაიწყო. ამ დროის განმავლობაში, ტუნისელებმა, ეგვიპტელებმა და ლიბიელებმა არჩევნების გამართვა და ახალი ლიდერების არჩევა მოასწრეს. სირიაში კი კონფლიქტი სულ უფრო სისხლიანი ხდება და მისი ახლო მომავალში დასრულებაც სათუოა.
ამბოხებულების განცხადებით, ისინი დასავლეთისგან არ ელიან პირდაპირ სამხედრო ჩარევას. მაგრამ მათ სურთ სირიაზე დაწესდეს ისეთივე სანქციები (მაგალითად, არასაფრენი ზონა), როგორც ლიბიაზე. ამბოხებულებს იარაღის მიღებაც სურთ. მათ შეაირაღებაში შედის ის იარაღი, რომლის შესყიდვაც მათ შავ ბაზარზე მოახერხეს და ის აღჭურვილობა, რომელიც ასადის სამხედროებს წაართვეს. ისინი ასადის ძალებს მსუბუქი შეიარაღებით უპირისპირდებიან, როდესაც მეტოქეს მძიმე ტექნიკა და ვერტმფრენები ჰყავს. ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიას გამუდმებით უტევენ სამთავრობო ძალები, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. ასადის ოპოზიცია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო ადგილის უზრუნველყოფაში დახმარებასაც ითხოვს.
დასავლელ ანალიტიკოსთა შორის მძაფრდება დებატი თუ რა შეიძლება მოიმოქმედოს ობამას ადმინისტრაციამ. გაეროს გავლით კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარების ვარიანტი რუსეთისა და ჩინეთის მეოხებით ჩავარდა.
თეთრმა სახლმა გადაწყვიტა, ამბოხებულებს დაეხმაროს მაგრამ არა იარაღით, არამედ კომუნიკაციების ინფრასტრუქტურითა და სატელიტური აღჭურვილობით. ამას გარდა, ამბოხებულებმა გარკვეული ფინანსური დახმარება მიიღეს საუდის არაბეთისა და ყატარისგან. მათ აგრეთვე შეუძლიათ თურქეთის საზღვრის გადაკვეთა. თუმცა ეს დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგანაც კონფლიქტი სულ უფრო ვრცელ მასშტაბებს იძენს.
მეორე მხრივ, დასავლეთს სიფრთხილისკენაც მოუწოდებენ. სირიაში ფეხის მოკიდებას ალ-ყაიდა და სხვა ექსტრემისტული მოძრაობები ცდილობენ. მიმომხილველთა ნაწილის აზრით, ამერიკამ, თუ ამბოხებულების დახმარებას გადაწყვეტს, ყურადღებით უნდა შეარჩიოს ის ჯგუფები, რომელთაც იარაღს მიაწვდის.





