რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი “საქართველოს არაპროგნოზირებადი მმართველისგან” მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ თუ თბილისში “საღი აზრი” გაიმარჯვებს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა შემცირდება.
6 აგვისტოს, ИТАР-ТАСС-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების ფონზე, “უზარმაზარი იქნება ცდუნება საქართველოს ხელისუფლებამ რეგიონში ახალი პროვოკაციების ორგანიზების გზით სცადოს შიდაპოლიტიკურ მიზნების რეალიზება”. კარასინის თქმით, ამის დასტურია მოსაზღვრე რეგიონებში რეზერვისტების მასშტაბური მომზადება და შეიარაღება.
თუმცა ის იქვე აღნიშნავს, რომ “ნებისმიერი ავანტიურა მარცხისთვისაა განწირული”, რადგანაც ამ ტერიტორიების უსაფრთხოებას რუსი სამხედროები და მესაზღვრეები უზრუნველყოფენ.
საგულისხმოა, რომ რამდენიმე თვის წინ, შეშფოთება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარე რეგიონებში შიდაარეულობის მოწყობის მიზნით შექმნილი “შეიარაღებული ბანდფორმირებების” შესახებ კოალიცია ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი ალასანიამაც გამოთქვა. მაშინ მან “ჰომსის სცენარი” იწინასწარმეტყველა.
კარასინი “უცერემონიოს” უწოდებს ევროკავშირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მცდელობას რამენაირად “შეაღწიოს” სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. “საქმე იქამდე მივიდა, რომ აფხაზეთის ხელისუფლება იძულებული გახდა მისიის ხელმძღვანელი პერსონა ნონ-გრატად გამოეცხადებინა” - ამბობს ის.
ამავე ინტერვიუში, მინისტრის მოადგილე ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიას პასიურობაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ისინი გალში საქართველოს ხელისუფლების მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტების და დივერსიების იგნორირებას ახდენენ.
რუსეთის საგარეო უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჟენევის პროცესის პოზიტიურ მხარედ მიიჩნევს იმას, რომ “აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები თანაბარ მოთამაშეებად არიან წარმოდგენილი”.
საგულისხმოა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, ისევე როგორც ჟენევის პროცესის ყველა მონაწილე, სამუშაო ჯგუფებში პერსონალური სტატუსით მონაწილეობენ. რუსეთი ბოიკოტს უცხადებს პლენარულ სხდომას, სადაც მხარეებად მხოლოდ რუსეთი და საქართველო განიხილებიან, სწორედ იმიტომ, რომ იქ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმები არ არიან წარმოდგენილნი.
კარასინი აკრიტიკებს ვაშინგტონსაც, იმისთვის რომ შეერთებული შტატები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს ვიზებს არ აძლევს, რათა მათ თავიანთი სათქმელი თქვან გაეროს ტრიბუნაზე.
ინტერვიუს ბოლოს, რუსეთის საგარეო უწყების წარმოამდგენელი იმედს გამოთქვამს რომ თბილისში “საღი აზრი” გაიმარჯვებს და შედეგად დაძაბულობა რეალურად შემცირდება, ნდობა გამტკიცდება და ამიერკავკასიაში კეთილმეზობლობა დაისადგურებს.




