სირია

გაეროში სირიის შესახებ მოსკოვის პოზიციას არ იზიარებენ

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სირიის ასადის რეჟიმის საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღო. ის გმობს ასადის ხელისუფლების ქმედებებს და სირიაში ძალაუფლების ტრანზიციას ემხრობა. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა მხოლოდ 12-მა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა და ჩინეთმა. ამ ორმა სახელმწიფომ ასადის საწინააღმდეგო რეზოლუციებს გაეროს უშიშროების საბჭოში სამჯერ დაადო ვეტო. თუმცა გენერალურ ასამბლეაზე რუსეთი და ჩინეთი ერთგვარ საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდნენ, რადგანაც რეზოლუციას მხარი 133-მა ქვეყანამ დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია ასამბლეაზე საუდის არაბეთმა გაიტანა, საქართველო კი ერთ-ერთი თანასპონსორი იყო.

რუსეთისა და ჩინეთის პოზიცია ძირითადად ავტორიტარულმა სახელმწიფოებმა გაიზიარეს. მათ გარდა რეზოლუციას ხმა წინააღმდეგ მისცეს თავად სირიამ, ბელორუსმა, ირანმა, ჩრდილოეთ კორეამ, ზიმბაბვემ, მიანმამ და სამხრეთ ამერიკის ე.წ. ანტიიმპერიალისტური ბლოკის ქვეყნებმა: კუბამ, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ბოლივიამ. სირიის რეჟიმის საწინააღმდეგო რეზოლუცია გენერალურმა ასამბლეამ თებერვალშიც მიიღო. მის წინააღმდეგ მაშინაც რუსეთი და ჩინეთი წავიდნენ და მათ მაშინაც მხოლოდ 10 ქვეყანა დაეთანხმა.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა პრაქტიკულად ყველა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის სერბეთმა. მხარდამჭერთა შორის იყნენ ბრაზილია და სამხრეთ აფრიკაც. ინდოეთმა თავი შეიკავა.

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს იურიდიულად სავალდებულო ძალა არ აქვთ, განსხვავებით უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისგან. მაგრამ ზოგიერთი მიმომხილველის განმარტებით, ასადის საწინააღდეგო რეზოლუციის ფართო მხარდაჭერამ, შესაძლოა, საერთაშორისო საზოგადოება რეჟიმის წინააღმდეგ უფრო აქტიურ მოქმედებებისკენ წაახალისოს. დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებით, უშიშროების საბჭო რუსეთისა და ჩინეთის მიერ არის პარალიზებული და სირიის საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების აზრს არ გამოხატავს.

 

კომენტარები