ფოტოგრაფია

ელიოტ ერვიტი Invisible Insider

„მთავარია, რეაგირება მოახდინოთ იმაზე, რასაც ხედავთ, სასურველია, მიკერძოების გარეშე. კადრის პოვნა ყველგანაა შესაძლებელი, დანარჩენი კი საგნების შემჩნევისა და მათი ორგანიზების საკითხია. უნდა განაღვლებდეს, რაც შენ გარშემო ხდება და გაინტერესებდეს კაცობრიობა მთელი თავისი კომიკურობით”, – ამბობს ვეტერანი მაგნუმელი ელიოტ ერვიტი, რომლის რეტროსპექტივაც ვენის Kunst Haus Wien საგამოფენო დარბაზში სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

კომიკურობა სწორედ ის სიტყვაა, რომელიც ერვიტის ფოტოგრაფიის თვალიერებისას გახსენდება. ირონია კი მისი სავიზიტო ბარათია. მას უკვე დიდი ხანია, კრიტიკოსებმა ფოტოგრაფიის ვუდი ალენი შეარქვეს.

ელიოტ ერვიტი 1928 წელს, საფრანგეთში, რუსი ებრაელების ოჯახში დაიბადა. ბავშვობა მილანში გაატარა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად ამერიკაში, ემიგრაციაში წავიდა. 1948 წლიდან საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა და სწავლა New School for Social Research-ში განაგრძო. ნიუ იორკში ერვიტმა გაიცნო რობერტ კაპა, რომელსაც დევიდ „შიმ” სეიმურთან, ჯორჯ როჯერთან და ანრი კარტიე-ბრესონთან ერთად ახალი დაარსებული ჰქონდა ფოტოდოკუმენტალისტების გაერთიანება მაგნუმი.

„რობერტ კაპა უძღვებოდა პატარა ფოტოგრაფიულ სააგენტოს, რომლის შესახებაც არაფერი მსმენოდა, – იხსენებს ერვიტი, –

ფორტ დიქსი, ნიუ ჯერსი. 1951
ჯარში საფრანგეთში ვიყავი და კაპამ მთხოვა, დროდადრო პარიზში მომენახულებინა. ერთ-ერთი სტუმრობისას, ჩემ მიერ სხვადასხვა ჟურნალისთვის გადაღებული ფოტოები დავათვალიერებინე. 1953 წელს კი, როდესაც ჯარიდან დავბრუნდი, შევიტყვე, რომ მისი პატარა სააგენტო პრესტიჟულ გაერთიანებად ქცეულიყო. უნიფორმა გავიხადე და ზუსტად 20 წუთის შემდეგ, მაგნუმთან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი”. 1953 წლიდან, ერვიტიც ერთ-ერთი მაგნუმელი გახდა, 60-იან წლებში კი სააგენტოს პრეზიდენტის პოზიცია დაიკავა.

მაშინ, როდესაც რობერტ კაპა და მისი თანამოაზრეები ომის ფოტოგრაფიითა და პოლიტიკური თემებით იყვნენ გატაცებული, ელიოტ ერვიტი თავისი საყვარელი ქალაქის, ნიუ იორკის ყოველდღიურობას აკვირდებოდა. მისი ობიექტივის ფოკუსში ხან ზედმეტად გაადამიანურებული ძაღლები, ხანაც – გაცხოველებული ინტერესის მქონე მუზეუმის სტუმრები ხვდებოდნენ. თუმცა ვინც, რაც და როგორც უნდა მოხვედრილიყო ერვიტის კადრში, დამთვალიერებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა და ცხოვრებას, თუნდაც ერთი წამით, უფრო მხიარულსა და მსუბუქს უჩვენებდა.

„პირველი კამერა 14 წლისამ შევიძინე. 15 წლიდან უკვე ჩემი თავის შენახვაზე ზრუნვა მომიწია და ამიტომაც მუშაობა ბნელ ოთახში დავიწყე, სადაც კინოვარსკვლავების ფოტოებს ვბეჭდავდი”. რეტროსპექტივა, რომელიც Kunst Haus Wien-ის ორ სართულზეა გამოფენილი, აერთიანებს ელიოტ ერვიტის სხვადასხვა დროსა და ადგილზე შექმნილ სერიებს, რომელთა უმრავლესობა ათწლეულების მანძილზეც კი იქმნებოდა.

ცივი ომის ქრონიკებიდან

„მორიდებულობა დამეხმარა ფოტოგრაფად ჩამოყალიბებაში. ჯერ კიდევ სკოლაში შევამჩნიე, რომ კამერა ისეთ სიტუაციებში მახვედრებს, სადაც ჩემი ადგილი არ არის. ჯერ გამოსაშვები საღამოები იყო, ახლა თეთრი სახლი და კრემლის უკანა ოთახები”.

1959 წელს, ერვიტი ამერიკის ვიცეპრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონისა და საბჭოთა ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის შეხვედრას იღებდა მოსკოვში. ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ სწორედ ეს ფოტო მოიპოვებდა მსოფლიო აღიარებას და ცივი ომის სიმბოლოდ იქცეოდა. „არადა, მხოლოდ ორი პოლიტიკოსის ბანალურ შეხვედრას ვიღებდი”, – აღნიშნა მოგვიანებით ფოტოგრაფმა. ამ ფოტომ მას საოცნებო რეპუტაცია და Invisible Insider-ის სახელი მოუტანა.

პარიზი, საფრანგეთი. 1949
ძაღლები, ძაღლები და კიდევ ერთხელ, ძაღლები!

„ძაღლის პირველი ფოტო 1946 წელს გადავიღე. სასაცილო ძაღლი იყო. ხშირად, როდესაც დაბეჭდილ კონტაქტებს ვუყურებდი, უამრავ ძაღლს ვხედავდი. ასე დაიწყო ჩემი და ძაღლების ამბავი. ძაღლებს ვუყეფ ხოლმე. ამიტომაცაა, რომ ის პატარა ძაღლი ჩემს ერთ-ერთ ფოტოზე ჰაერშია ამხტარი. ხალხი ხშირად მეკითხება, როგორ მოხდა ეს. უბრალოდ, მე დავუყეფე – ის ახტა, დავუყეფე – კიდევ ახტა. ძაღლებს ადამიანური თვისებები აქვთ. მგონი, ჩემს ფოტოებსაც ერთგვარი ანთროპომორფული იერი დაჰკრავს. იდეურად, მათ არაფერი აქვთ საერთო ძაღლებთან... უფრო სწორად, იმედი მაქვს, რომ მათი ძირითადი აზრი მაინც ადამიანური მდგომარეობაა, თუმცა ადამიანებს შეუძლიათ ისე აღიქვან ჩემი ფოტოები, როგორც თავად მოესურვებათ”.

თუკი გინახავთ ელიოტ ერვიტის თუნდაც ერთი ნამუშევარი, თავს ვდებ, ეს ძაღლის ფოტო იქნებოდა. ნიუ იორკის ცენტრალურ პარკსა თუ პარიზის ქუჩებში მოსეირნე სხვადასხვა ზომის, სქესისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენელი ოთხფეხები არიან ცივილიზებული სოციუმის ჩვეულებრივი წევრები, რომლებიც, ბულგაკოვს რომ დავესესხოთ, „სრულ გაადამიანურებას” განიცდიან.

მუზეუმის ბინადრები

„მუზეუმებში ხშირად დავდივარ და კამერაც მუდამ თან დამაქვს, თუმცა ფოტოების გადასაღებად არ მივდივარ ხოლმე. უბრალოდ, მაინტერესებს მუზეუმები და რადგან კამერაც თან მაქვს, რაიმე ღირებულის აღმოჩენისას, აუცილებლად ვიღებ. ძაღლების მსგავსად, შემიგროვდა მუზეუმების ფოტოების კოლექცია, რომელიც საკმაოდ სახალისო გამოვიდა”.

ერვიტის „მუზეუმელები” ლამის ფოტოჟურნალისტიკის ცალკე მიმდინარეობად იქცა. ადამიანების უსიტყვო დიალოგი ხელოვნებასთან ერვიტის ნამუშევრებში მით უფრო ირონიულად გამოიყურება, რაც უფრო სერიოზულად უდგება ხელოვნების ნიმუშს ნატურა. მუზეუმის სერია „ხელოვნებისადმი” დასავლეთ სამყაროს ზეინტელექტუალური დამოკიდებულების ერთგვარი კარიკატურაა, რომელიც სამყაროს მიერ ხელოვნების აღქმის აბსურდულობას ერთბაშად თვალშისაცემს ხდის.

პირადი ექსპოზიციები

„თუკი ვინმე ჩემს ფოტოებში სინაზეს დაინახავს, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი იქნება. ყველაზე კარგი შედეგი დასვენებასა და ჭვრეტას მოაქვს. ფოტოგრაფიაც სხვა არაფერია, გარდა ინტენსიური დასვენებისა და ჭვრეტისა, რომლებიც, საბოლოოდ, კარგ შავ-თეთრ ნაბეჭდად იქცევა. საუკეთესო შემთხვევაში, საფუძვლიანად დაფიქსირებული და გაწმენდილი გამოსახულებით, რომელიც მალე არ გაფერმკრთალდება”.

ბაკერსფილდი, კალიფორნია. 1983
პოლიტიკისა და ირონიის, დადგმულისა და ქუჩის ფოტოგრაფიის შემდეგ, ერვიტის რეტროსპექტივას განსაკუთრებით თბილ და უშუალო ატმოსფეროს მისი პირადი კადრების სერია უქმნის. ფოტოგრაფის მეგობრები, ოჯახის წევრები, ცნობილი მხატვრებისა თუ მსახიობების პორტრეტები – ერთი სიტყვით, პერსონაჟები, რომლებიც ფოტოგრაფს არა მხოლოდ გარემოს დამკვირვებლად, არამედ საკუთარი ბიოგრაფიის მთხრობელად აქცევენ. აქ ნიქსონისა თუ „გაადამიანურებული” ძაღლებისგან განსხვავებით, ირონიას ინტიმურობა ანაცვლებს.

შიშველი

„რიგითი ადამიანები არ ტყუიან, როდესაც ფოტოს გადაღებას ერიდებიან. არც მე მომინდებოდა, ვინმეს ცხვირთან მოეტანა კამერა. ამიტომაც ვცდილობ, სწრაფად ვიმოქმედო, რომ ნატურამ ვერც კი შემამჩნიოს”.

ერვიტის ნუდისტური ფოტოები კაცობრიობის სილამაზის იდეალებისა და წინასწარ დაყენებული პოზების სრული ანტიპოდია. ეს სერია ნუდისტური კულტურის ერთგვარი სოციოგრამაცაა, რომელიც ერვიტის conditio humana-ს გამოხატვის მისწრაფებას ყველაზე უფრო ექსტრემალურად გადმოსცემს.

 

დღეს ელიოტ ერვიტი 84 წლისაა. ნიუ იორკში ცხოვრობს და ფოტოებს მაგნუმისთვის იღებს. უყვარს ბავშვები და ძაღლები. მისი ფოტოების შემხედვარეს კი ყველაფერი ცოტა ხნით, მაგრამ მაინც, ყველაზე კეთილი, ყველაზე მხიარული და ყველაზე ბედნიერი გეჩვენება.

კომენტარები