პრეზიდენტი

მათი მამები

მამის ფიგურას ბევრი პოლიტიკოსის ცხოვრებაში ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჯონ ფიცჯერალდ კენედი მამის კვალს მიჰყვებოდა. მარგარეტ თეტჩერის მამამ, ალფრედ რობერტსმა, მის მომავალ იდეოლოგიურ კუთვნილებაზე იქონია გავლენა. ერთ-ერთ ინტერვიუში ქალბატონმა პრემიერმინისტრმა განაცხადა: „ყველაფერი მამაჩემის დამსახურებაა – იმან, რაც მე პატარა ქალაქში, ძალიან ხელმოკლე ოჯახში ვისწავლე, არჩევნები მომაგებინა”.

პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში ოჯახს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების თუ თანამედროვე პოლიტიკოსთა ცხოვრებაში მშობლებს დიდი წვლილი მიუძღვით. ფრანც კაფკასთვის მამამისის ავტორიტეტის წინააღმდეგ ბრძოლამ, მის მეამბოხედ ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, მოცარტის მამა მისი ერთადერთი მასწავლებელი იყო, შექსპირის ჰამლეტი კი მამამისის აჩრდილის მიერ შთაგონებული.

ბარაკ ობამა

ბარაკ ჰუსეინ ობამა II 1961 წელს ჰავაიზე დაიბადა. ის ჰავაის შტატში დაბადებული პირველი პრეზიდენტია. ობამას წარმომავლობის შესახებ აშშ-ში ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს – დედამისი სტენლი ანა დუნჰამი ინგლისური წარმომავლობის იყო, მამამისი, ბარაკ ობამა უფროსი კი ლუოს ტომის წარმომადგენელია კენიის პროვინციიდან. მშობლებმა ერთმანეთი 1960 წელს გაიცნეს ჰავაის უნივერსიტეტში, რუსულის გაკვეთილზე, სადაც ბარაკის მამა გაცვლითი პროგრამის სტუდენტი იყო. ისინი 1961 წელს დაქორწინდნენ, რამდენიმე წელიწადში კი, როდესაც უფროსმა ობამამ ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა, გაიყარნენ. მას შემდეგ მამამ ბარაკი მხოლოდ 1971 წელს ნახა. იგი 1982 წელს საავტომობილო ავარიაში დაიღუპა.

ჰავაიზე გამგზავრებამდე უფროსმა ობამამ კენიაში ოჯახი მიატოვა. მისი ცოლი კეზია მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ. ქორწილამდე მან ცოლს დაუმალა, რომ წინა მეუღლესთან გაშორებული არ იყო. ჰარვარდში ეკონომიკის ფაკულტეტზე, დოქტორანტურაში დაიწყო სწავლა, თუმცა პროგრამის დროზე ადრე შეწყვეტის შედეგად ნაირობიში მოუწია დაბრუნება. უფროს ობამას თან გაჰყვა დაწყებითი სკოლის მასწავლებელი რუთ ბეიკერი, რომელსაც კენიაში დაბრუნებამდე ხვდებოდა. როგორც შემდგომში მისი და ბეიკერის საერთო შვილი, მარკი იხსენებდა, ობამა ოჯახის წევრებს ლანძღავდა და ზოგჯერ სცემდა კიდეც.

ბარაკ ობამა და მამამისი მხოლოდ ერთი თვე იყვნენ ერთად. ამ ხნის მანძილზე მამამ შვილს კალათბურთის თამაში ასწავლა და ჯაზის მოსასმენად წაიყვანა. როგორც პრეზიდენტი იხსენებდა, სწორედ ამის შემდეგ გახდა ის ჯაზისა და კალათბურთის ფანატი. უფროს ობამას ნაირობიში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე სახელმწიფო თანამდებობა ეკავა – თუმცა, უმეტესად, ხშირადვე ათავისუფლებდნენ. როგორც ახლობლები იხსენებენ, ის იყო ქედმაღალი ადამიანი, რომელსაც საკუთარი ინტელექტით მოჰქონდა თავი. უკანასკნელ წლებში ლოთობას მიჰყო ხელი. აშშ-ის პრეზიდენტი თავის წიგნში, „მამაჩემის ოცნებები”, წერდა, რომ მამის მაგალითმა მას მისცა მოტივაცია, შვილებისთვის უკეთესი მშობელი ყოფილიყო.

მაჰმუდ აჰმედინეჟადი

აჰმადინეჟადი 4 წლის იქნებოდა, როდესაც მამამისმა, აჰმედ სობორჯიანმა, ქალაქში გადაწყვიტა საცხოვრებლად გადასვლა. მან გვარი აჰმადინეჟადად გადაიკეთა, რათა თეირანში თავიდან აეცილებინა დაბალი სოციალური წარმომავლობის გამო ათვალწუნება – გვარი სობორჯიანი ძაფის მღებავიდან მოდის და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სოციალური წოდება იყო ირანში. აჰმადინეჟადს უფრო რელიგიური დატვირთვა აქვს და სიტყვასიტყვით „მუჰამედის რასის” წარმომადგენელს ნიშნავს. აჰმედი მჭედლად, დალაქად და ფეიქრად მუშაობდა და იყო შიიზმის მიმდევარი. ერთი პერიოდი ყურანს ასწავლიდა.

აჰმედს მაჰმუდის გარდა კიდევ 6 შვილი ჰყავდა. თეირანში გადასვლამდე ოჯახი არადანში ცხოვრობდა. თვლიან, რომ ირანის პრეზიდენტის გაჭირვებულ ოჯახში აღზრდამ ღარიბთა მიმართ მის სენტიმენტებზე იმოქმედა. აჰმადინეჟადი არ სადილობს სტუმართან ერთად, თუ ის არ იხდის ზაკატს (ყოველწლიური გადასახადი ღარიბების დასახმარებლად).

ნათესავები ჰყვებიან ისტორიას, თუ როგორ გაყიდა აჰმედმა სახლი თეირანში და შედარებით მოკრძალებულ ბინაში გადავიდა საცხოვრებელად. პრეზიდენტად არჩევიდან გარკვეული პერიოდის მანძილზე, აჰმადინეჟადიც თავის ძველ ბინაში ცხოვრობდა, სანამ უსაფრთხოების მიზნით არ შეიცვალა ადგილსამყოფელი. ამით ხაზს უსვამდა, რომ უბრალო ადამიანია.

ჰეიდარ ალიევი

„მომეცით ხმა, ვინაიდან მე ერთადერთი ვარ, ვინც გააგრძელებს ალიევის არჩეულ გზას... მე ვცდილობდი და მომავალშიც შევეცდები, უფრო მეტად დავემსგავსო მას”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა საარჩევნო კამპანიის დასაწყისში. მართლაც, ილჰამის კარიერა მამამისის პოლიტიკის გაგრძელების მცდელობაა. ილჰამი ყოველთვის მამის ჩრდილში იყო მოქცეული. როგორც BBC წერდა: „ილჰამს მამის ქარიზმა, პოლიტიკური უნარები, კონტაქტები, ავტორიტეტი და ინტელექტი აკლია”. სწორედ ამიტომ, იგი მკაცრი, სწორხაზოვანი პოლიტიკით ცდილობს მამის მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

ჰეიდარ ალიევის ბავშვობის და სტუდენტობის შესახებ ცოტაა ცნობილი. საბჭოთა პერიოდის დროს КГБ-ს მაღალჩინოსანი, სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე და აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, 1987 წელს გორბაჩოვმა კორუფციაში დაადანაშაულა და პოსტიდან გადააყენა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ქვეყანაში არეულობა სუფევდა. ალიევი ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას განაგებდა და ცენტრალურ მთავრობას ყურს არ უგდებდა. მთიანი ყარაბაღის ომში წარუმატებელი კამპანიის შემდეგ, აიაზ მუტალიბოვი გადადგა და ახალმა პრეზიდენტმა აბულფაზ ელჩიბეიმ ქვეყნაში არსებული კრიზისის მოსაგვარებლად ჰეიდარ ალიევი მიიწვია. შემდგომში ელჩიბეი, პოლკოვნიკ სურეტ ჰუსეინოვის სამხედრო გადატრიალების შიშით, საკუთარ სოფელში გაიხიზნა – ალიევი კი პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი გახდა. 1993 წელს ელჩიბეი საყოველთაო რეფერენდუმით გადააყენეს და ჰეიდარი პრეზიდენტად აირჩიეს.

2003 წელს უფროსი ალიევი გარდაიცვალა. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვირვებით, თვალშისაცემი დარღვევებით ჩატარდა, ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა.

ბაქოს ქუჩები, აზერბაიჯანის პატარა ქალაქები თუ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებები დღემდე ჰეიდარის სურათებითაა მორთული. არსებობს მისი სახელობის აეროპორტი, ვარსკვლავი და, თქვენ წარმოიდგინეთ, მთაც. უკვე სამი მუზეუმი აშენდა მისი მიღწევების საჩვენებლად.

ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ილჰამის პრეზიდენტობა გარდამავალი რგოლი იქნება ქვეყნის დემოკრატიზაციისაკენ, თუმცა ჰეიდარის პერსონალური კულტისგან თავის დაღწევა არა მარტო მას, არამედ მთელ აზერბაიჯანს გაუჭირდება.

უგო ჩავესი

ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტის, უგო ჩავესის მამა სკოლის მასწავლებელი იყო. მან 6-წლიანი განათლების მიღების შემდეგ სკოლა მიატოვა და საკვალიფიკაციო კურსები გაიარა, რათა სკოლაში ესწავლებინა. მასწავლებლად მუშაობის პერიოდში გაიცნო მომავალი მეუღლე – ელენა ფრიეს დე ჩავესი.

უგო ოჯახში შვიდიდან მეორე შვილია. ჩავესებს არ ჰქონდათ ბავშვების მოვლის შესაძლებლობა და სწორედ ამიტომ, უგო ბებიასთან, როზასთან გაგზავნეს აღსაზრდელად. როგორც მოგვიანებით ვენესუელის პირველი პირი იხსენებდა, მისი ბავშვობა იყო „ღარიბული, მაგრამ ბედნიერი”. ის უფრო ახლოს იყო ბებიასთან, ვიდრე მშობლებთან. მიუხედავად გაჭირვებული ცხოვრებისა, უგო დე ლოს რეიესმა მიაღწია პოლიტიკურ ძალაუფლებას და ჯერ განათლების რეგიონალური დირექტორი, მოგვიანებით კი ბარინასის მმართველი გახდა.

დედას უნდოდა, უგო კათოლიკე მღვდელი გამხდარიყო და ერთი წლის მანძილზე ეკლესიაშიც კი მსახურობდა – სანთლისგან დასვრილ ქანდაკებებს წმენდდა და როგორც შემდგომში აღწერა, არ მოსწონდა მისი ეკლესიის მიერ იესოს პატარა ფიგურად აღქმა, მაშინ როდესაც თავად ჩავესი მას „მეამბოხედ” მიიჩნევდა. ამ გამოცდილებამ სასულიერო პირების მიმართ მისი უნდობლობა გამოიწვია.

უგოს დიდი ბაბუა, პედრო პერეს დელგადო, ცნობილი როგორც „მაისანტა”, იყო მეამბოხე, რომელმაც პრეზიდენტი ხუან ვისენტე გომესი მოკლა, თუმცა ეს ამბოხება ჩაახშეს და მაისანტაც დაიჭირეს. როგორც მერე უგო ამბობდა, მაისანტამ მის მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა. ისევე, როგორც სამხრეთამერიკელმა მემარცხენე პრეზიდენტებმა – პერუელმა ხუან ველასკო ალვარადომ და პანამელმა ომარ ტორიხოსმა.

ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერი, რომელსაც მკაცრი პოლიტიკის გამო ევროპის მეორე რკინის ლედი შეიძლება ვუწოდოთ, 1954 წელს პროტესტანტი მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისმა, ჰორსტ კასნერმა, გადაწყვიტა ოჯახი დასავლეთ გერმანიიდან აღმოსავლეთში გადაეყვანა. ეს გადაწყვეტილება გასაკვირი იყო, ვინაიდან იმ დროის გერმანიაში მიგრაცია საწინააღმდეგო მიმართულებით ხდებოდა. 1954 წლის დასაწყისში 180.000-მდე ადამიანმა დატოვა გდრ, ხოლო 1961 წლამდე 2,5 მილიონი გადავიდა დასავლეთში საცხოვრებლად.

კასნერი ჰამბურგის ეპისკოპოსმა მიიწვია – „ჩემი მისია იყო იქ წავსულიყავი... მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ მადლობლები ვიყავით, რომ გადავრჩით. მღვდლებს ასეთი მოვალეობა გვქონდა. მათ იქ ვჭირდებოდით”, – თქვა მან International Herald Tribune-თან საუბარში.

1961 წელს, ბერლინის კედლის აღმართვის შემდეგ, კასნერი გდრ-ში დარჩა, სადაც მასთან იკრიბებოდნენ აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრები მემარცხენე ინტელექტუალები, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებდნენ. ამის გამო კასნერს უსაფრთხოების სამსახურებთანაც კი შეექმნა პრობლემები – დასავლეთ გერმანიაში მყოფ მის ცოლს მასწავლებლად მუშაობა აეკრძალა იმ არგუმენტით, რომ სტუდენტთა ინდოქტრინაციას მოახდენდა. კასნერი გაერთიანების წინააღმდეგი იყო და ადგილობრივი გაზეთები მას „წითელ კასნერს” უწოდებდნენ. როგორც ჩანს, მერკელისთვის მამამისის პოლიტიკური შეხედულებები მიუღებელი იყო და საპირისპიროდ, მემარჯვენე ფლანგზე გადაინაცვლა.

გდრ-ში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების მსგავსად, მერკელიც სოციალისტური თავისუფალი გერმანიის ახალგაზრდათა (FGJ) ჯგუფის წევრი იყო. მეცნიერებათა აკადემიაში ჩაბარების შემდეგ FGJ-ის საბჭოს წევრი გახდა და აგიტაციისა და პროპაგანდის მიმართულებას ედგა სათავეში. სკოლაში სწავლისას სრულყოფილად დაეუფლა რუსულს. მოგვიანებით, ლაიპციგის უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. 1989 წელს მერკელი შეუერთდა გერმანიის გაერთიანების მოძრაობას და ახალგაზრდული ასაკიდან გამოსვლასთან ერთად მემარცხენე იდეებმაც გადაუარა.

ბაშარ ალ-ასადი

2000 წელს ასადი ხელისუფლებაში მამის, ჰაფეზ ალ-ასადის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა. უფროსი ასადი სამი

დეკადის მანძილზე მართავდა სირიას. ის ქალაქ ქარდაჰაში დაიბადა, ალავიტების ხელმოკლე ოჯახში. 16 წლის ასაკში ბაათის პარტიას შეუერთდა და მის რიგებში დაწინაურდა. ხელისუფლებაში 1970 წლის გადატრიალების შემდეგ აღმოჩნდა – მისი მმართველობა ოპოზიციის რეპრესიებით და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევით გამოირჩეოდა. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ჰაფეზის ხელისუფლებაში მოსვლით, მანამდე არსებული არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია ძლიერი მმართველის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა.

ჰეიდარ ალიევის მსგავსად, ჰაფეზ ალ-ასადმაც შექმნა საკუთარი კულტი. „ჰაფეზი – ჩვენი მარადიული ლიდერი”, ასეთი შესავალი ჰქონდა სიმღერას, რომლითაც მასწავლებლები გაკვეთილს იწყებდნენ. ყველა საჯარო სივრცეში მისი სურათი იყო გამოფენილი, სადაც ხშირად მისი ღვთიური თვისებები იყო ხაზგასმული და მუჰამედთან ერთადაც კი იყო გამოსახული. ამით ის ხელისუფლების შვილიდან მამაზე გადასვლის ლეგიტიმურობის დასაბუთებას ცდილობდა. სახელმწიფო აკონტროლებდა მედიას, განათლების სისტემას და ცდილობდა ჰაფეზი დაეხატა როგორც ძლიერი ლიდერი, რომელიც ტოლერანტულად იყო განწყობილი ყველა ეთნიკური ჯგუფისადმი.

მამის გარდაცვალების შემდეგ, ბაშარმა მემკვიდრეობით მიიღო მთავრობა, რომელსაც არაბული სოციალისტური ბაათის პარტია მართავდა, სადაც უმრავლესობას ალავიტები შეადგენდნენ. ალავიტები შიიტური სექტაა, რომელიც მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენს ქვეყანაში, სადაც უმრავლესობა (74 პროცენტი) სუნიტია. იმისთვის, რომ ასადი ხელისუფლებაში მოსულიყო, საპრეზიდენტო ასაკმა საკონსტიტუციო ცვლილებით 40 წლამდე დაიწია. ბაშარმა არჩევნები 97 პროცენტით მოიგო ისე, რომ კონკურენტიც კი არ ჰყოლია.

ჰაფეზი საპრეზიდენტოდ პირველ შვილს, ბასელს ამზადებდა. ბაშარს პოლიტიკური კარიერა ნაკლებად აინტერესებდა და ამ თემაზე მამასთანაც არ საუბრობდა. დამასკოს უნივერსიტეტში სამედიცინოზე სწავლის შემდეგ კარიერა ლონდონში განაგრძო ოფთალმოლოგიურ კლინიკაში. თუმცა მას შემდეგ, რაც ბასელი ავარიაში დაიღუპა, ბაშარი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა, მიიღო სამხედრო განათლება და გამოვიდა საზოგადოებრივ ასპარეზზე.

ასადმა წარმატებით შეინარჩუნა მამის დიქტატორული ხელისუფლება. დღემდე განაგრძობს ხალხის რეპრესიებს, წამებას და ოპოზიციური მოძრაობების ჩახშობას. 2001 წელს, საჯარო სამსახურში ყოფნისას, ბაშარმა თავად გააცნო ინტერნეტი სირიის საზოგადოებას, რაც შემდგომ მისი მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად გადაიქცა. სამხედრო ნაწილებში მის მიერ დანიშნული ლოიალური კადრების დამსახურებით, ბაშარი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ხელისუფლებას და აგრძელებს ოპოზიციის რეპრესირებას.

ფრანსუა ოლანდი

„მარცხენა ფლანგი არ იყო ჩემი მემკვიდრეობა, მე ის ავირჩიე”, – განაცხადა ფრანსუა ოლანდმა საარჩევნო კამპანიისას. ახალი პრეზიდენტი, როგორც ჩანს, მამამისს გულისხმობდა. ჟორჟ ოლანდმა, რომელიც ოჯახთან ერთად საფრანგეთის ჩრდილოეთში, ქალაქ რუანში ცხოვრობდა, 1959 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რადიკალური მემარჯვენე პარტიიდან იყარა კენჭი. ასევე მხარს უჭერდა ნაციონალისტ პოლიტიკოსს ჟან-ლუი ტიგზიე-ვინანკურს, რომელიც ეროვნული ფრონტის დამაარსებლის, ჟან-მარი ლე პენის მენტორი იყო. 1968 წელს ჟორჟმა ოჯახს გამოუცხადა, რომ რუანიდან გადადიოდნენ. ნილში გადასვლიდან ცოტა ხნის მერე მისი მშობლები დაშორდნენ. ფრანსუა დარჩა დედასთან, რომელიც მიტერანის მომხრე სოციალური მუშაკი გახლდათ.

ოლანდი სკოლაში კლასის წარმომადგენელი, უნივერსიტეტში კი სტუდენტური კავშირის პრეზიდენტი იყო. ის სწავლობდა სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნულ სკოლაში, რომელსაც საფრანგეთში „ელიტის ქარხანას” უწოდებენ. როგორც მისი ბიოგრაფი სერჟ რაფი წერს, ოლანდის დამოკიდებულება ავტორიტეტებისადმი მამამისის პერსონით არის განპირობებული.

ნურსულთან ნაზარბაევი

ყაზახეთის პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ქვეყანას უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე მართავს, ალმათისთან ახლოს, პატარა ქალაქ ჩემოლგანში დაიბადა. ყაზახი ხალხის მამა ღარიბი ოჯახიდანაა. მამამისი აბიშ ნაზარბაევი მდიდარი ოჯახისთვის მუშაობდა, სანამ სტალინის კოლექტივიზაციის პოლიტიკის შედეგად იმ ოჯახს მიწა არ ჩამოართვეს. შემდგომ აბიში მთაში გაიხიზნა საცხოვრებლად, მოგვიანებით კი, მეორე მსოფლიო ომისას, თავი აარიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლას. ნურსულთანის ერთ-ერთი გატაცება ცხენით ჯირითია, რაც მამამისმა 5 წლის ასაკში ასწავლა.

ნურსულთანმა სკოლა წარჩინებით დაამთავრა და მხოლოდ ერთი ოთხიანი გამოყვა. მართალია, ყაზახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვერ ჩააბარა, მაგრამ კიევის ეროვნული ავიაციის ინსტიტუტში მოხვდა, თუმცა მშობლებმა უკრაინაში წასვლა დაუშალეს. იგი 1962 წელს შეუერთდა პარტიას და აქტიური წევრიც გახდა. 1989-91 წლებში ყაზახეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო. 1990 წლის 24 აგვისტოს, უმაღლესმა საბჭომ პრეზიდენტად აირჩია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, 1991 წლის დეკემბერში, 91 პროცენტით მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც მხოლოდ თვითონ იყრიდა კენჭს.

 

 

კომენტარები