ირანი

ირანში საკვების ფასები იზრდება

ბოლო კვირებში ირანში ერთ-ერთი მთავარი თემა ქათმის პროდუქტზე ფასის ზრდაა. უკანასკნელ ხანებში ერთი კილო ქათამის ფასი თითქმის გაორმაგდა და 5 დოლარის ექვივალენტი შეადგინა.

ამ ფაქტმა ირანის პროვინციულ ქალაქში საპროტესტო აქციებიც გამოიწვია. ნიშაპურის ქუჩებში ფასის ზრდის გასაპროტესტებლად რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა.

გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საერთაშორისო საბანკო სანქციებია - ირანის ქათმის მწარმოებლებისთვის ძალზედ გართულდა საკვების საზღვარგარეთიდან იმპორტირება, რამაც გაყინული ქათმის დეფიციტი შექმნა.

ქათამი ირანული სამზარეულოს ყველაზე პოპულარული კერძების მთავარი შემადგენელი ნაწილია. ის ცხვრისა და საქონლის ხორცზე გაცილებით იაფი ღირს.

ამბავს ირანის მთავრობაც სერიოზულად ეკიდება. ივნისში თეირანის პოლიციის უფროსმა აჰმადი მოგადამმა ადგილობრივ ტელევიზიებს ურჩია, მაყურებლის გაღიზიანებას მორიდებოდნენ და მათთვის ქათმის ჭამის პროცესი არ ეჩვენებინათ. ირანის ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შეფ-მზარეული, სამან გოლრიზი კი მთელი კვირა მაყურებელს ბოსტნეულისგან კერძის მომზადების ხერხებს სთავაზობს.

პროცესზე დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ რევოლუცია მრავალ არაბულ ქვეყანაში სწორედ საკვებზე გაზრდილი ფასების გაპროტესტებით დაიწყო. ირანელი ეკონომისტები კი მთავრობისგან ფასების ზრდის შეჩერებასა და საკვების დეფიციტთან გამკლავებას ელიან.

 

კომენტარები