ქართული მედია აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ამ კვლევის მიხედვით, 43%-ით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს. რიგით მეორე ქართული ოცნებაა 24%-ით, ხოლო მესამე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 7%-ით.
გამოკითხულთა 5 % ხმის მიცემას არცერთი პარტიისთვის არ აპირებს, 19%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.
ტელე-მედიის ინფორმაციით, შეკითხვაზე, მომდევნო კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელ კანდიდატს დაუჭერდენენ მხარს, მოსახლეობის 37%-მა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დაასახელა, 24%-მა ბიძინა ივანიშვილი, 7%-მა კი გიორგი თარგამაძე. პასუხზე უარი 21-მა პროცენტმა განაცხადა.
ამასთან, მოსახლეობის 73% დადებითად აფასებს მიხეილ სააკაშვილს, როგორც პოლიტიკურ ლიდერს.
ინსტიტუტებს შორის ყველაზე მღალი ნდობა ეკლესიას აქვს (94%), შემდეგ მოდის ჯარი (89%), პოლიცია (88%), პრეზიდენტის ადმინისტრაცია (69%), მინისტრთა კაბინეტი (66%) და პარლამენტი (65%).
გამოკითხულთა 54%-ის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 31% კი ფიქრობს, რომ ეს მიმართულება არასწორია.
კვლევა ივლისის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. გამოიკითხა 1500 რესპონდენტი. კვლევის ცდომილება არ აღემატება 2.5%-ს.
IRI-ს წინა კვლევის მიხედვით, ნაციონალურ მოძრაობას 45%, ქართულ ოცნებას - 15%, ქრისტიან-დემოკრატებს კი 9%-იანი მხარდაჭერა ქონდათ.





