მიხეილ სააკაშვილი სოფელ ცაიშის მაცხოვრებელ როზა წყაბელიას სახლში ესტუმრა. 24 ივლისს სამეგრელოში პრეზიდენტის ვიზიტისას ჟურნალისტებთან საკუთარ გაჭირვებაზე მოსაუბრე როზა წყაბელიას რამოდენიმე პირმა ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინა ტერიტორია და გავრცელებული ინფორმაციით, მახლობლად, დევნილთა საცხოვრებლის სარდაფში ჩაკეტა.
პრეზიდენტმა სოციალურად დაუცველ ქალბატონს ბოდიში მოუხადა, პრობლემების შესახებ გამოჰკითხა და დახმარებას დაპირდა.
„მე ვიყავი, ვარ და ვიქნები გაჭირვებულების დამცველი საქართველოში. თქვენს თანასოფლელებს, რომელთაც მოგაყენეს შეურაცხყოფა, უკვე დიდი ხანია, პასუხი ვაგებინე. ეს იქნება გაკვეთილი მათთვის, ვინც დადგება ჩემსა და იმ ადამიანს შორის, რომელსაც უჭირს, რაღაცის თქმა უნდა, მოდის მის მიერ არჩეულ პრეზიდენტთან. მე ვარ ძალიან გაბრაზებული მათზე“ - უთხრა მიხეილ სააკაშვილმა დაზარალებულს.
შეგახსენებთ, რომ ინცინდენტში მონაწილე ორი ადამიანი შსს-მ 25 ივლისს დააკავა, ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს საუბნო განყოფილების უფროსი გელა ნარუშვილი კი სამსახურიდან გაათავისუფლა.




