NDI

NDI: პოლარიზაციის ხარისხი მატულობს

საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე პრიორიტეტულ საკითხებად კვლავ სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა რჩება. მათი დიდი ნაწილის აზრით, 2008 წლის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა პენსიების, განათლებისა და კორუფციის კუთხით. ყველაზე მეტ გაუარესებას აღნიშნავენ ფასების ზრდისა და რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით. რაც შეეხება ამავე პერიოდში უშუალოდ მათი ოჯახების მდგომარეობას, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ მათთვის არაფერი შეცვლილა. ამავდროულად, მოსახლეობის 58% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, მომავალი 6 თვის განმავლობაში კი ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და საპენსიო რეფორმების ხილვა სურთ.

ეს და სხვა აქტუალური საკითხები NDI-ის დაკვეთით CRRC-იმ გასულ თვეში გამოიკვლია – მთელი ქვეყნის მასშტაბით 6000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა მანამ ჩატარდა, სანამ ვანო მერაბიშვილი პრემიერის პოსტს დაიკავებდა.

წინა კვლევასთან შედარებით, იკლო იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც თვლიან, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. ასეთი ამჟამად 54%-ია, შედარებით წინა მაჩვენებელთან – 62%-თან. მათი რიცხვი კი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი გზით მიდის, გაზრდილია 18%-დან 25%-მდე.

ასევე 49%-დან 38%-მდე ჩამოვიდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც საქართველოს დემოკრატიად მიიჩნევს. 43%-ის აზრით, ქვეყანა დემოკრატია არაა. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი რამდენიმე თვის წინ 34% იყო.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატიის მდგომარეობას მოქალაქეები ნიუანსურად აფასებენ. ჯამში, მათი მხოლოდ 16% თვლის, რომ საქართველო დემოკრატიის მიმართულებით ამჟამად არ ვითარდება, ან არაა დემოკრატიული და არც არასოდეს გახდება. უმრავლესობისთვის დემოკრატია სიტყვისა და მედიის თავისუფლებასთან ასოცირდება.

კვლევის ფარგლებში მოსახლეობა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებითაც გამოკითხეს. მათი ნახევარზე მეტი მოელის, რომ არჩევნები კარგად ჩატარდება. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად მოქალაქეები უკვე არა ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ პრობლემებს, არამედ ამომრჩეველთა მოსყიდვას განიხილავენ.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მასში მოსახლეობის 75% მიიღებდა მონაწილეობას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილი მონაცემია წინა კვლევებთან შედარებით. კიდევ უფრო მეტი, 77% მიიღებდა ხვალვე მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.

მოქალაქეებს ისიც ჰკითხეს, დაუჭერდნენ თუ არა მხარს ივანიშვილის მოწოდებას აქციებისკენ, თუკი ის არჩევნებს გაყალბებულად ჩათვლის. გამოკითხულთა 27% აცხადებს, რომ ამას მხარს დაუჭერს, ხოლო 53% უარს იტყვის პროტესტში მონაწილეობაზე.

მოქალაქეთა უმეტესობა, 71%, კვლავ უარყოფითად აფასებს ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას. 63% არ ამართლებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებას, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიცემაზე უარის გამო.

მოქალაქეებს ისიც ჰკითხეს, იციან თუ არა ივანიშვილის გეგმის შესახებ, რომელზეც ის 27 მაისის აქციაზე საუბრობდა. ამ კითხვაზე გამოკითხულთა 71%-მა უარყოფითი პასუხი გასცა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ივანიშვილს მოქალაქეობის გარეშე აძლევს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას, მასზე რესპონდენტთა მხოლოდ 32%-ს სმენია. გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ ეთანხმება ამ ცვლილებას, 25% არ ეთანხმება, ხოლო 40%-ს პასუხი არ აქვს. იმ საკონსტიტუციო ცვლილებას კი, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრის მინიმალური ასაკი 21 წლამდე დაიწია, 67% მხარს არ უჭერს.

89% ასევე მხარს დაუჭერდა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც აკრძალავს ქორწინებას ერთი სქესის ადამიანებს შორის. ეს ინიციატივა წარსულში ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ გაახმოვანა.

პრეზიდენტ სააკაშვილის გაპრემიერებას 2013 წლის შემდეგ, მხარს უჭერს 33%, 36% კი ეწინააღმდეგება. 27%-ს ამ საკითხზე ამჟამად აზრი არ გააჩნია.

მოქალაქეების აზრი საგარეო პოლიტიკაზეც გამოიკითხეს. დიდი უმრავლესობა რუსეთს საქართველოსთვის კვლავაც საფრთხედ აღიქვამს. ასევე უმეტესობას არ მოსწონს საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან. ამავდროულად, ისინი მხარს უჭერენ რუსეთთან დაკავშირებით საქართველოს ცალკეულ პოლიტიკურ ნაბიჯებსა და ინიციატივებს. კვლავ მაღალი მხარდაჭერა აქვს საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ.

კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს ისიც ჰკითხეს, რამდენად მნიშვნელოვანია მათი რელიგიური მრწამსი ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისას, რაც მნიშვნელოვნად 84%-მა დაასახელა. ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, რელიგიურ მსახურებებს, სულ მცირე, კვირაში ერთხელ ესწრება მოქალაქეთა 19%.

კომენტარები