უბედური შემთხვევა

როუფ ჯამფინგის დროს ახალგაზრდების დაღუპვა შესაძლოა თოკის დამჭერ მექანიზმს გამოეწვია

როუფ ჯამფინგის ორგანიზატორთა ჯგუფის Extreme Team-ის ერთ-ერთი წევრის, მთასვლელ ტატო ნადირაძის ცნობით, როუფ ჯამფინგის დროს ორი ახალგაზრდის დაღუპვის მიზეზი თოკის დამჭერი მექანიზმის დაზიანება გახდა.

ალპინისტის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უბედური შემთხვევა თოკის გაწყვეტამ ან ორი ადამიანის ერთად გადახტომამ და ზედმეტმა წონამ გამოიწვია არასწორია.

ტატო ნადირაძის ცნობით, ხიდიდან ჯამში 1200-მდე ხტომაა განხორციელებული და აქედან 500 წყვილში. როუფ ჯამფინგის დროს გამოიყენება ოთხმაგი ალპინისტური თოკი, რომელთაგან თითო 5 ტონის სიმძიმის დარტყმას უძლებს. თოკები ავტომობილის სავარძლის ღვედებით იყო დამაგრებული, ხოლო ამ ღვედებზე დამაგრებული იყო დამატებით 5 ტონის დარტყმის გამძლეობის ორმაგი თოკი. თოკებზე გაკეთებული იყო ალპინისტური რვიანები და დახვეული იყო სპეციალურ მუხრუჭზე.

მთასვლელის განმარტებით, მარიამ ყანდაშვილისა და გოგა გოლეთიანის დაღუპვის მიზეზი დამჭერი მოწყობილობის დაზიანება გახდა. მისი ვერსიით ახალგაზრდების გადახტომისას, გაურკვეველი მიზეზით, პირველმა დარტყმამ ავტომობილის სავარძლის ღვედის ჩამკეტი სისტემა გახსნა, შემდეგ კი მუხრუჭებიც დაცურდა.

უბედური შემთხვევა 15 ივნისს მოხდა. უნივერსიტეტის მაღლივი ხიდიდან ხტომის, როუფ ჯამფინგის დროს 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი დაიღუპნენ.

შემთხვევას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა, მან მწუხარება გამოთქვა ახალგაზრდების გარდაცვალების გამო.

,,შეძრწუნებული ვარ იმ ტრაგედიით, რომელიც უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მოხდა. ორი ახალგაზრდა საბედისწერო შემთხვევამ იმსხვერპლა. 23 წლის მარიამ ყანდაშვილისა და 25 წლის გოგა გოლეთიანის სიცოცხლე მოულოდნელად შეწყდა მაშინ, როდესაც ცხოვრების დიდ გზაზე უნდა აედგათ ფეხი... ძნელია მოძებნო სიტყვები იმ წარმოუდგენელი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელიც მათ ოჯახებს შემზარავმა ტრაგედიამ დაატეხა თავს. ამ მძიმე წუთებში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და თანავუგრძნო მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი..." - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

უბე­დურ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რო­უფ ჯამ­ფინ­გის ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი და­კით­ხეს, მათ შო­რის რო­უფ ჯამ­ფინ­გე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი გუ­ჯა­ბი­ძე.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე  გამოძიება 116 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

კომენტარები