ეგვიპტე

ჰილარი კლინტონი ოფიციალური ვიზიტით კაიროში ჩავიდა

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ოფიციალური ვიზიტით კაიროში ჩავიდა. ის შეხვდა ეგვიპტის ახლად არჩეულ პრეზიდენტ მოჰამედ მურსის. კლინტონის თქმით, ამერიკა მხარს უჭერს ძალაუფლების სამოქალაქო ხელისუფლებისათვის სრულ გადაცემას. ამჟამად, ეგვიპტეს პრაქტიკულად სამხედრო საბჭო მართავს, რომელიც ხელისუფლების სათავეში გასულ წელს, ექსპრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გაძევების შემდეგ მოექცა. კლინტონმა სამხედრო საბჭოს გარდამავალ პერიოდში ქვეყნის მმართველობა მოუწონა. მაგრამ აღნიშნა, რომ სამხედროებმა პოლიტიკური ძალაუფლება სამოქალაქო ხელისუფლებას უნდა გადასცენ.

კლინტონმა განაცხადა, რომ კაიროში ეგვიპტელი ხალხისა და დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერის დასაფიქსირებლად ჩავიდა. მისი თქმით, ამერიკას სჭირდება დემოკრატიული ეგვიპტე, როგორც პარტნიორი. მურსისა და კლინტონის შეხვედრას ამერიკელი ოფიციალური პირები დადებითად აფასებენ.

მურსის შემდეგ, კლინტონი ეგვიპტის სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელ ფელდმარშალ მოჰამედ ჰუსეინ ტანტავისაც შეხვდება. ეგვიპტის შემდეგ კლინტონი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში გადაინაცვლებს.

მოჰამედ მურსი ეგვიპტის პრეზიდენტი ივნისის თვეში გამართული არჩევნების შედეგად გახდა. ის მუსლიმური საძმოს პოლიტიკური ძალის, თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიის წევრია. მურსიმ მცირე უპირატესობით დაამარცხა დამოუკიდებელი კანდიდატი აჰმედ შაფიკი, რომელიც სამხედრო საბჭოს სასურველ კანდიდატად ითვლებოდა.

მურსიმ გაპრეზიდენტებისთანავე სცადა ეგვიპტის უზენაესი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაშლილი პარლამენტის აღდგენა. პარლამენტში უმრავლესობას მუსლიმური საძო და მისი მოკავშირეები ფლობდნენ. მაგრამ სასამართლოს განცხადებით, გადაწყვეტილება საბოლოოა. ამას გარდა, ამ მომენტისთვის მურსის მინისტრთა არც მინისტრთა კაბინეტი არ ჰყავს.

კომენტარები