პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა კახეთში გლეხებთან საუბრისას უკრაინაში ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის ინიციატივა გაახმოვანა. შეიძლება ჩამოყალიბდეს სახელმწიფო კომპანია, რომელიც უკრაინაში ექსპორტის საკითხებით დაკავდება.
მერაბიშვილის განმარტებით, გლეხებს შესაძლებლობა ექნებათ თავად განახორციელონ ატმის ექსპორტი უკრაინაში ან პროდუქციას სახელმწიფო კომპანია შეისყიდის და თავად გაიტანს უკრაინულ ბაზარზე.
შესაძლოა, უკრაინაში ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის მსხვილი საწყობიც შეიქმნას. მერაბიშვილმა განაცხადა: „ატმის ექსპორტისთვის პირველ რიგში საჭიროა გაცივება. მე უკვე დავავალე ელჩს უკრაინაში აარჩიოს დიდი მაცივარი. ასევე შევუკვეთეთ მაცივარ–კონტეინერები. ჩვენ გავაკეთებთ მაცივრებს და მასობრივად გავიტანთ ხილ–ბოსტნეულს უკრაინაში”.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, უკრაინაში ექსპორტით ქართულ პროდუქციას გზა ევროპაშიც უნდა გაეხსნას.
პრემიერი კახეთის ხელსაყრელ გარემო პირობებზეც საუბრობს: "მე შევისწავლე კახეთი და აღმოჩნდა, რომ ეს არის უნიკალური ადგილი ატმისთვის. მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინაში, პოლონეთსა და ა.შ. ერთი თვის დაგვიანებით მოდის ატამი, ვიდრე კახეთში. ატამი კახეთში სამი კვირით ადრე მწიფდება, ვიდრე შიდა ქართლში. თუ არ ვიზრუნებთ ექსპორტზე სხვანაირად სოფელი ვერ განვითარდება“.




