ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე პროვინცია სამანგანის ქალაქ აიბაკში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქორწილზე აიფეთქა, რასაც 22 ადამიანის დაღუპვა და 50-მდე ადამიანის დაშავება მოჰყვა. დაღუპულთა შორისაა გავლენიანი ავღანელი პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი აჰმად ხან სამანგანი, რომელიც ცერემონიის მანპინძელი იყო - ქორწინდებოდა მისი ქალიშვილი. დაიღუპა პროვინციის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელიც.
აფეთქება დილით ადრე მოხდა - ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით, ქორწილის ცერემონია დილას იწყება. მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით ტერაქტი ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანია ბოლო თვეების მანძილზე.
ინციდენტს აჰმად ხან სამანგანის პიროვნებას უკავშირებენ. 1980-იან წლებში ის მუჯაჰედინთა ერთ-ერთ ლიდერი იყო და საბჭოთა კავშირის ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა, თალიბანის მმართელობის პერიოდში (1996-2001) კი მათაც უპირისპირდებოდა. 2010 წელს სამანგანი ავღანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში აირჩიეს. თალიბანმა უკვე უარყო კავშირი ტერაქტთან. მისი წარმომადგენლის განცხადებით, სამანგანის თავისი წარსულისა და გავლენის გამო, მრავალი მტერი ჰყავდა. ჯერჯერობით უცნობია ვინ დგას აფეთქების უკან.
ავღანეთის ჩრდილოეთი ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციებთან შედარებით უფრო სტაბილური და მშვიდობიანია. თუმცა ბოლო 18 წლის მანძილზე ჩრდილოეთში ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურების რამდენიმე მაღალჩინოსანი გაანადგურეს.





