კომპიუტერი

Nexus 7: პირველი Google Tablet

ტაბლეტური კომპიუტერების ბაზარი ნამდვილ ბრძოლის ველს დაემსგავსა – ყოველი დიდი თუ მცირე კომპანია iPad-ისთვის კონკურენციის გაწევას ცდილობს. დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც Microsoft-ის Surface გაყიდვა დაიწყო და Google-ის წარმომადგენლებმა Nexus 7 წარუდგინეს მომხმარებლებს. ეს უკანასკნელი ტაივანურ გიგანტთან, Asus-თან თანამშრომლობის შედეგია, სოლიდურად გამოიყურება და, რაც მთავარია, გაცილებით ნაკლები ღირს, ვიდრე iPad, ან Surface. ამით Google-მა თავისი ჩანაფიქრი გაამხილა: მას დაბალბიუჯეტიანი ტაბლეტური კომპიუტერების ნიშის დაკავება სურს, სადაც მისი უშუალო კონკურენტი Amazon-ის Kindle Fire იქნება.
Nexus 7 იქნება პირველი პლანშეტი, რომელიც ოფიციალურად Google Tablet-ად იწოდება. მანამდე გამოსულ არცერთ პლანშეტს, რომელიც ოპერაციულ სისტემა ანდროიდზე იყო დაფუძნებული (Samsung Galaxy Tab, Motorola Xoom და ა.შ.), ასეთი პატივი არ რგებია. საინტერესო ის არის, რომ Google-მა Nexus 7-ის გამოშვებით სცადა სტივ ჯობსის ცნობილი ინტერვიუს უგულებელყოფა – მაშინ ის ამტკიცებდა, რომ 7-დუიმიან პლანშეტებს მომავალი არ აქვთ, ვინაიდან მოსახმარად არაერგონომიული და არაპრაქტიკულია. ჯობსი ამბობდა, რომ 7 დუიმი ძალიან მცირე ზომაა იმისთვის, რომ სმარტფონის მიმართ ტაბლეტის უპირატესობა შევიგრძნოთ.
Nexus 7-ზე წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android 4.1 ვერსია, კოდური სახელწოდებით Jelly Bean. საშუალო ეკრანზე მორგებული ოპერაციული სისტემა, როგორც აღმოჩნდა, წარმატებით უმკლავდება მომხმარებელთა ყველა მოთხოვნას. ამასთან, ყველა ის პრეტენზია, რაც Kindle Fire-ის ოპერაციული სისტემის, Android 2.3-ის მიმართ მანამდე არსებობდა, Nexus 7-ის შემთხვევაში არ იარსებებს და განსხვავებით Amazon-ის ქმნილებისგან, მომხმარებლები პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევის დროს მხოლოდ Amazon Appstore-ზე არ იქნებიან დამოკიდებულნი. Google-ის ბიზნესმოდელი უპირატესად კონტექსტურ რეკლამებზეა აგებული, შესაბამისად, Nexus 7 ისეთივე გახსნილი სისტემა იქნება, როგორც სხვა ანდროიდიანი სმარტფონები.
სისტემური მახასიათებლებით Nexus 7 არაფრით ჩამოუვარდება კონკურენტებს: აღჭურვილია 1.3 GHz Nvidia Tegra 3 პროცესორით და 1 GB ოპერატიული მეხსიერებით. მოჰყვება 8 ან 16 GB-იანი გარე მეხსიერება და ბატარეის ხანგრძლივობა, ვიდეოს ყურების რეჟიმში, 9 საათს უდრის, ფონურ რეჟიმში კი – 340 საათს. ეკრანის რეზოლუცია 1280x800 პიქსელია და სულ რაღაც 340 გრამს იწონის. ერთი სიტყვით, Google-მა და Asus-მა ერთობლივი ძალებით მოინდომეს, რომ ბაზარზე შევიდნენ 7-დუიმიანი შედარებით იაფფასიანი პლანშეტით (უკვე ცნობილია Nexus 7-ის ფასიც, ის 199 დოლარი ეღირება), რომელიც ყოველდღიურად იზრდება და ჯერ კიდევ ნაჯერობისთვის არ მიუღწევია.
Google-ის წარმომადგენელმა, ჰიუგო ბარამ Nexus 7-ის ოფიციალურ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ: „Nexus 7-ში თავმოყრილია Google-ის ბოლო წლების გამოცდილება და ჩინებული შიგთავსი ოპერაციული სისტემის სახით”. თუ ინტერნეტში განთავსებული რევიუებით ვიმსჯელებთ, Nexus 7 სრულად ამართლებს მომხმარებელთა მოლოდინს, შესაბამისად, ახლა Apple-ის სვლაა. საინტერესოა, ვიხილავთ თუ არა ახლო მომავალში iPad-ის 7-დუიმიან ნაირსახეობას.

კომენტარები