რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა ავღანეთის ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს წვლილზე. მათი თქმით, პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გამოსვლები იმაზე, ქვეყანას რომ ძლიერი არმია ჰყავდეს, ქართველმა ჯარისკაცებმა ამ მისიაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, ნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია ავღანეთის ოპერაციის გაგრძელებით.

ისინი ასევე აცხადებენ, რომ საქართველო ავღანეთში იმისთვის არაა, რომ ტერორიზმს ებრძოლოს და უსაფრთხოებას შეუწყოს ხელი - ომის გაგრძელება საიმისოდ სურთ, რომ ეს უკეთესი იქნება ქვეყნის არმიის მოსამზადებლად. რუსეთის საგარეო უწყება ამბობს, რომ სააკაშვილის მხრიდან ”თავისი რეალური მოტივების” გამჟღავნებას ყურადღება უნდა მიაქციონ მათ, ვინც საქართველოს წვლილს აქებს ავღანეთის ოპერაციაში და ეხმარება მას სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში.

”გვერდზე გადავდოთ ამ თემის მორალური ასპექტი (დაე, საქართველოს და ავღანეთის ხალხებმა შეაფასონ). აღვნიშნავთ იმას, რომ ეს გამონათქვამები ცალსახად ადასტურებს, თბილისში შენარჩუნებულია სამხედრო რევანშისტული განწყობები, რაც კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის რეალური საფრთხეა“ - ნათქვამია ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ავღანეთის თემაზე უკანასკნელად პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ისაუბრა. რუსული მხარე, სავარაუდოდ, პრეზიდენტის შემდეგ განცხადებას გამოეხმაურა: „ჩვენ გვყავს მებრძოლი არმია. ვმონაწილეობთ ავღანეთის ოპერაციაში და ვისაც შეკითხვა უჩნდება ამასთან დაკავშირებით, უნდა ესმოდეს, თუ გვსურს გვქონდეს ქვეყანა, აუცილებელია გვყავდეს ძლიერი ჯარი. ხოლო თუ გვსურს ძლიერი ჯარი, უნდა ვიყოთ მოქმედ ფრონტზე.“

 

კომენტარები