პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას დაესწრო

მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას პარტიის პრეზიდენტის, ვილფრიდ მარტენსის პირადი მიწვევით დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტის მუშაობაში მონაწილეობას ორმოცამდე ქვეყნის ლიდერი, ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობითი დელეგაციები იღებენ.

ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები. საუბრის ძირითადი თემა საქართველოს შიდა პოლიტიკური მოვლენები, მოახლოებული არჩევნები, რეგიონალური უსაფრთხოება და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი იყო.

მიხეილ სააკაშვილი აგრეთვე, შეხვდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს შტეფან ფულეს. ევროკომისარმა აღნიშნული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იგი ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში საარჩევნო პროცესის პატივისცემისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ევროკავშირი შეშფოთებულია წინასაარჩევნო პოლიტიკური დაძაბულობით და იმედოვნებს, რომ არჩევნები, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური პროგრამებისა და იდეების ირგვლივ წარიმართება.

ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ფულე ასევე აღნიშნავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მოდერნიზაციისა და რეფორმების გატარების კუთხით მიაღწია. მან ასევე აღნიშნა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებლებისთვის განკუთვნილი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების გამოყენების მიმართ.

საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი ბრიუსელში დღეს სრულდება.

 

კომენტარები