თურქეთი

თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლისათვის ემზადება

თურქეთში ქვეყნის კონსტიტუციური წყობის შეცვლის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. დღეს თურქეთის რესპუბლიკაში პარლამენტი პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრია, პრეზიდენტს კი მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს – არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლება და არ მონაწილეობს სახელმწიფოს მართვის საქმეში.

გასული წლის ივლისში, სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ მესამედ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოაყალიბა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრს პარლამენტის წევრები ირჩევენ, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 2011 წელს 4 წლის ვადით მესამედ გახდა ქვეყნის პრემიერმინისტრი და მთავარი პოლიტიკური ფიგურა.

პრემიერმინისტრი 1983 წელს სამხედრო ხელისუფლების მიერ დაწერილი კონსტიტუციის შეცვლის ინიციატორია – პარლამენტში სპეციალური კომისია მუშაობს, რომელმაც ახალი კანონპროექტი უნდა მოამზადოს. „მომდევნო ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა ჩვენი ქვეყნისათვის უფრო წარმატებული შედეგები მივიღოთ. ეს ან საპრეზიდენტო, ან ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა შეიძლება იყოს”, – განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

გასულ კვირას, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს, აბდულა გიულს, 2014 წლის არჩევნებში შეუძლია მონაწილეობა. აბდულა გიული 2007 წელს აირჩია თურქეთის პარლამენტმა 7-წლიანი საპრეზიდენტო ვადით, რამდენიმე თვის შემდეგ კი კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი, შესაძლებელია, ერთის ნაცვლად, ორჯერ იყოს არჩეული, ოღონდ ამჯერად 5-წლიანი ვადით. აბდულა გიული, როგორც მოსალოდნელია, არ იბრძოლებს მეორედ გაპრეზიდენტებისთვის, ვინაიდან ის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ძველი მოკავშირეა, რომელსაც ამ თანამდებობის დაკავების სურვილი ამოძრავებს.

საპრეზიდენტო უფლებამოსილების გაფართოებას ეჭვის თვალით უყურებენ ხელისუფლების კრიტიკოსები. ისინი ამტკიცებენ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით პრემიერმინისტრი სულ უფრო ავტორიტარული ხდება. ერდოღანს „რუსეთის მსგავსი საპრეზიდენტო სისტემა უფრო მოსწონს, ვიდრე შეერთებული შტატებისა, როდესაც დიდძალი ძალაუფლება ერთი ინდივიდის ხელშია თავმოყრილი”, აღნიშნა პოლიტოლოგმა ჯენგიზ აქთარმა სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტში. ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ერდოღანს ახალ სისტემაში გაცილებით მეტი ძალაუფლების მოპოვება და „თანამედროვე სულთნად” გადაქცევა სურს.

ზოგადად, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის კარიერა ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების გატარებით, სამხედროების პოლიტიკური გავლენის შემცირებითა და, რაც მთავარია, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუციის შექმნის მცდელობით ხასიათდება. ამ უკანასკნელის მხრივ თურქეთი საერთაშორისო კრიტიკის ქვეშ არაერთხელ მოქცეულა, რადგან ქვეყანაში სამოქალაქო უფლებების დაცვის კუთხით სერიოზული პრობლემებია. ადამიანის უფლებათა დამცველების მონაცემებით, გასული წლიდან დღემდე, დაკავებულია 100-ზე მეტი ჟურნალისტი და დაახლოებით 600 სტუდენტი.

ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიას პარლამენტში ხმათა საკმარისი რაოდენობა აქვს, რათა ახალი კონსტიტუცია რეფერენდუმზე გაიტანოს. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ამ საკითხისადმი ერთიანი დადებითი შეხედულება ჯერ არაა ჩამოყალიბებული. „ერდოღანის ეშინიათ”, განაცხადა პრემიერმინისტრის მოადგილემ, ბიულენთ არინჩმა.

კომენტარები