ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძრის ტერიტორიაზე ლიფტი აღარ დამონტაჟდება

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ბაგრატის ტაძრის ტერიტორიაზე ლიფტი აღარ დამონტაჟდება, ძეგლის მეორე სართულზე კი შუშის იატაკის გამოყენება აღარ მოხდება.

საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შეთანხმებას გუშინ კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

"22 ივნისს, კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ტაძრის დასავლეთ მკლავის პროექტის ავტორი, არქიტექტორი ბატონი ანდრეა ბრუნო. ის გაგებით შეხვდა ეკლესიის მოთხოვნას და მხარი დაუჭირა ბაგრატის ტაძრის დასავლეთ მკლავში შუშის ნაცვლად ისეთი მასალის გამოყენებას, რომელიც არ დაარღვევს ეკლესიის ინტერიერს, მაქსიმალურად მიმსგავსებული იქნება ქვის ფაქტურასთან და შესაძლებლობისამებრ დაუმახინჯებლად აღადგენს ტაძრის შიდა სივრცეს. ამ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზეც, რომ აღარ იქნება საუბარი ლიფტის დამონტაჟებაზე და არც შუშის გამოყენებაზე მეორე სართულის იატაკზე.“ – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოში აგრეთვე, განმარტავენ, რომ ანდრეა ბრუნომ რამდენიმე დღეში უნდა წარადგინოს პროექტის ახალი ვარიანტი.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 21 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა მიიღო.

"მისმა უწმიდესობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პოზიცია და განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქო არის ინიციატორი და მხარს უჭერს ბაგრატის ტაძრის აღდგენას, ოღონდ იმ სახით, რომელიც მას ძველ იერს მაქსიმალურად დაუახლოვებს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები