არენა

როგორ არ უნდა დავეხმაროთ მედიას

რამდენიმე კვირაა აქტიურად განიხილება ე.წ. must carry პრინციპის შემოღება, რომელიც საკაბელო და ციფრული სატელევიზიო ქსელებისთვის, ადგილობრივი სატელევიზიო მაუწყებლების სიგნალის აბონენტებისთვის მიწოდების ვალდებულებას გულისხმობს. რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიც მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა. იმავე საკითხზე ერთ-ერთ მიმართვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, ჯონ ბასმა. ამ ინიციატივის ადგილობრივი მხარდამჭერები must carry-ს პრინციპის საქართველოში დანერგვის აუცილებლობას წინასაარჩევნოდ მედიაპლურალიზმის ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის აუცილებლობით ხსნიან და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაზე აპელირებენ – „იქ რადგან ასეა, ესე იგი ასეა სწორი, ისინი ხომ ჩვენზე წინ არიან წასული” ლოგიკით.

Must carry-ზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი მხრივ ორმა კერძო სატელევიზიო მაუწყებელმა (რუსთავი2-მა და იმედმა) ერთ-ერთი ციფრული სატელევიზიო ქსელისგან (გლობალ TV) საკუთარი სიგნალის ამოღება მოითხოვა. გარდა ამისა, რამდენიმე თვეა, თბილისის ბაზარზე არსებული ორი ყველაზე პოპულარული საკაბელო ქსელი (Silknet და Caucasus Online) მომხმარებლებისთვის მიწოდებულ არხთა პაკეტში არ სვამს ორი ტელეკომპანიის გადაცემებს (მაესტრო და მე-9 არხი). დიდი ალბათობით, შექმნილი სიტუაცია პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებითაა განპირობებული და ქართული სამოქალაქო სექტორი ტრადიციულად ცდილობს არსებული რეალობის „გაკეთილშობილებას” მორიგი რეგულაციის შემოღებით.

საკაბელო ქსელების მომხმარებლისთვის მომზადებულ პაკეტებში რომელიმე არხის მაუწყებლობის ჩასმის ვალდებულება, ამ ქსელების მეპატრონეების საკუთრების უფლების უხეში ხელყოფაა. ქსელს ჰყავს პატრონი და ის თავად წყვეტს, რომელი არხის მიწოდება ურჩევნია/მომგებიანად მიაჩნია, და რომლის – არა. მეპატრონეს, კომერციულ მოსაზრებებთან ერთად, უფლება აქვს პოლიტიკური ან სხვა სახის მოსაზრებებით უარი თქვას ამა თუ იმ არხის ტრანსლირებაზე. იგივე შეიძლება ითქვას კერძო სატელევიზიო მაუწყებლებზე. თუ მათ მეპატრონეებს არ სურთ, რომ ეს არხები გადაიცემოდეს რომელიმე საკაბელო თუ ციფრული ქსელის მიერ, ეს მათი ნებაა. საბოლოო ჯამში ისინი დაზარალდებიან, რადგან დაკარგავენ მაყურებლის ნაწილს – პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები, როგორც წესი, ეკონომიკურად წაგებიანია.

ასევე დაზარალდებიან საკაბელო ქსელების მფლობელები, რადგან მომხმარებელთა ნაწილი, ვისაც სურს უყუროს მაესტროს ან მე-9 არხს, მოძებნის საკუთარი სურვილის დაკმაყოფილების ალტერნატიულ გზას. მეორე მხრივ, must carry-ს შემოღების შემთხვევაში, ნებისმიერ ფაშისტურად განწყობილ ჯგუფს უფლება ექნება მივიდეს საკაბელო ქსელის ოპერატორთან და მოსთხოვოს საკუთარი მაუწყებლობის გადაცემა. გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს ქსელის მფლობელს უფლება, უარი უთხრას ასეთ ჯგუფს საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე და რატომ უნდა ვაიძულოთ ის, იმოქმედოს საკუთარი სინდისის საწინააღმდეგოდ?

ახალი ინიციატივის მხარდამჭერები თვლიან, რომ მედიაპლურალიზმი ე.წ. საზოგადოებრივი სიკეთეა, ხოლო საკუთრების უფლება აბსოლუტური არ არის. ამიტომ, მათი გადმოსახედიდან არათუ დასაშვები, აუცილებელიც კია, რომ სახელმწიფომ კერძო მაუწყებლებისა და საკაბელო ქსელების მეპატრონეების საკუთრების უფლება შეზღუდოს „საზოგადოებრივი სიკეთის” მიღების მიზნით. როდესაც საკითხს ამგვარად ვუდგებით, რამდენიმე, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი, ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ:

უპირველეს ყოვლისა, უცხოურ პრაქტიკაზე აპელირება must carry-ს ლობირების პროცესში არც ისე მოგებიანია, რადგან ასეთი მიდგომა მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გამოიყენება (კანადა, აშშ, ინდოეთი, ჩეხეთი, ირლანდია). ამ ქვეყნებიდან ყველაზე საინტერესო აშშ-ის გამოცდილებაა, სადაც მსგავსი რეგულაცია გასული საუკუნის 70-იან წლებში შემოიღეს. თუმცა იქ must carry-ს შემოღების მიზეზი არა მედიაპლურალიზმი, არამედ ადგილობრივი მცირე ზომის სატელევიზიო არხების დაცვა იყო საკაბელო ქსელებთან კონკურენციის პროცესში, რომლებიც სულ უფრო ინტენსიურად სთავაზობდნენ მაყურებელს საკუთარ პროგრამებს.

გარდა ამისა, აშშ-ში must carry ეხებოდა მხოლოდ არაკომერციულ-საგანმანათლებლო მაუწყებლების პროგრამების საკაბელო ქსელებით ტრანსლირებას და არ არეგულირებდა კომერციული მაუწყებლების პროგრამების ტრანსლირებას. 80-იან წლებში რამდენიმე საკაბელო ქსელმა სააპელაციო სასამართლოში შეიტანა საჩივარი და მოითხოვა must carry-ს არაკონსტიტუციურად ცნობა. უზენაესმა სასამართლომ საჩივარი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ must carry წინააღმდეგობაში მოდიოდა აშშ-ის კონსტიტუციის პირველ დამატებასთან, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია პრესის თავისუფლების ხელყოფა.

1992 წლამდე საკაბელო ქსელებს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების მომხმარებლებისთვის მიწოდების ვალდებულება დარჩათ. 1994 წლიდან კი, ახალი კანონმდებლობით, კერძო მაუწყებლებს must carry-ს პრინციპის პარალელურად აქვთ ე.წ. retransmission consent-ის არჩევის უფლება. ეს უფლება საშუალებას აძლევს კერძო მაუწყებელს, საკაბელო ქსელს კომპენსაციის გადახდა მოსთხოვოს მისი პროგრამების ჩვენების სანაცვლოდ. ეს კი ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში მაინც კერძო მაუწყებლის გადასაწყვეტია, ჩართავს თუ არა საკუთარ მაუწყებლობას რომელიმე საკაბელო ქსელში. შესაბამისად, აშშ-ის პრაქტიკა პრინციპულად განსხვავდება იმისგან, რასაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს საქართველოში.

იმავე აშშ-ის პრაქტიკა აჩვენებს, რომ საკაბელო ოპერატორები, როგორც წესი, თავადაც ხდებიან მაუწყებლები და გარკვეული პერიოდის შემდეგ იწყებენ საკუთარი არხებისა და პროგრამების შექმნას. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, საკაბელო მაუწყებლობა საქართველოში აღარ საჭიროებს სახელმწიფოსგან შესაბამისი ნებართვის (ლიცენზიის) მიღებას. რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება, შექმნას სატელევიზიო პროდუქტი და ააწყოს საკუთარი საკაბელო ქსელი სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე.

ასეთ პირობებში ახალი რეგულაციების შემოღება მხოლოდ ხელს შეუშლის ჩანასახის სტადიაზე მყოფი საკაბელო მაუწყებლობის ბიზნესის განვითარებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ უახლოეს მომავალში, დიდი ალბათობით, აღარც სატელიტზე მაუწყებლობისთვის იქნება საჭირო ლიცენზიის აღება (თუ მაინცდამაინც რამის მოთხოვნა გვინდა, ეს უნდა მოვითხოვოთ), ხოლო 2015 წლიდან ვაპირებთ გადავიდეთ ციფრულ მაუწყებლობაზე (რაც საშუალებას მოგვცემს, არსებულ სიხშირეებზე განუზომლად მეტი არხის ტრანსლირება მოვახდინოთ), must carry-ს პრინციპის შემოღება საერთოდ აზრს კარგავს. პირიქით, მეტი მედიაპლურალიზმის მისაღწევად, საკომუნიკაციო ბაზრის კიდევ უფრო დერეგულირებას უნდა ვითხოვდეთ.

ილუზიაა იმაზე საუბარი, რომ must carry-ს პრინციპის შემოღებით მედიაპლურალიზმის დონე გაუმჯობესდება. თუ ვინმეს სურვილი აქვს, უყუროს როგორც რუსთავი2-ს, ისე მაესტროს – ამის მარტივი გზები არსებობს და მოქალაქეთა ასეთმა ნაწილმა უკვე შეძლო ერთი შეხედვით „ურთიერთგამომრიცხავი” მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ინფორმაციის წყარო მხოლოდ ტელევიზია არ არის და ყველა, ვისაც სურს რაიმე სახის, მათ შორის, პოლიტიკური ხასიათის ინფორმაციის მიღება – ამას ახერხებს ინტერნეტით თუ მეზობლის მიერ შეძენილი ასავალ-დასავალით. ხოლო მათთვის, ვინც არ ინტერესდება ქვეყნის პოლიტიკური მოვლენებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ საკაბელო ქსელში რა არხები იქნება.

ილუზიებს რომ თავი დავანებოთ, თუ დავუშვებთ, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უფლება, შეზღუდოს რიგითი მესაკუთრის უფლებები „საზოგადოებრივი სიკეთის” შექმნის მიზნით, მაშინ სად გადის ზღვარი, როდის არის ასეთი შეზღუდვა დასაშვები და როდის არა? ნებისმიერ ხელისუფლებას შეუძლია „საზოგადოებრივ სიკეთედ” შეფუთოს ნებისმიერი ინიციატივა და შესაბამისი მიზნის მისაღწევად კერძო მესაკუთრეების უფლებები უგულებელყოს. და თუ კერძო საკუთრების უფლება არ იქნება აბსოლუტური, ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას მოსახლეობისგან ექნება (პირობითად) მანდატი, რაც უნდა, ის აკეთოს.

უკანასკნელ წლებში არაერთხელ ვიხილეთ, როგორ ხდება კერძო მესაკუთრის უფლებების შელახვა „სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან” გამომდინარე. მაგალითად, მნიშვნელოვანი მაგისტრალის გაყვანის მიზნით, მოსახლეობას დაატოვებინეს საცხოვრებელი სახლები, მნიშვნელოვანი ობიექტის აშენების მიზნით, ვიღაცას ჩამოართვეს საკუთრებაში არსებული მიწა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ამ მოქალაქეებს სახელმწიფო სთავაზობდა გარკვეულ კომპენსაციას, მათი ნაწილი მაინც არ იყო თანახმა, სახელმწიფოსთვის გადაეცა საკუთრება. თუმცა, საბოლოოდ, „თემს რაც სწადია მას იზამს, თავის თემობის წესითა” აღსრულდა.

საინტერესოა, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში, იგივე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიოდნენ სწორედ იმ მოქალაქეების მხარდამჭერებად, რომელთა საკუთრების უფლებაც სახელმწიფომ შელახა. რითი არის საკაბელო ქსელის ან კერძო მაუწყებლის მფლობელის საკუთრების უფლება უფრო დაბალი რანგის, ვიდრე კერძო სახლის ან მიწის მფლობელის? ან რატომ არის „მედიაპლურალიზმი” უფრო მაღალი კატეგორიის „სიკეთე”, ვიდრე ათობითკილომეტრიანი ოთხზოლიანი მაგისტრალი?

და თუ მაინცდამაინც პოლიტიკური ხასიათის ინფორმაციის თითოეულ მოქალაქემდე მიტანაა უმთავრესი სიკეთე (მიუხედავად იმისა, უნდათ ამ ინფორმაციის მიღება თუ არა), რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს განაპირობებს, რატომ არ დავავალდებულებთ ყველა მოქალაქეს, რომ საკუთარ ბინაში, აღმოსავლეთ კედელზე გამოაკრას ყველა ე.წ. კვალიფიციური სუბიექტის საარჩევნო პროგრამა? მით უმეტეს, რომ ასეთი ვალდებულება ავტომატურად განაპირობებს იმავე კვალიფიციური სუბიექტებისთვის საარჩევნო პროგრამის შექმნის და გამოქვეყნების ვალდებულებას, რაც, ბუნებრივია, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული პოლიტიკური კულტურის ამაღლების პროცესში.

ასევე შეგვიძლია დავავალდებულოთ ყველა ბეჭდური გამოცემა, რომელიც პოლიტიკურ მოვლენებს აშუქებს, რომ ერთი მხრივ, გაზარდოს ტირაჟი ისე, რომ საქართველოს ყოველ 3 ზრდასრულ მოქალაქეზე ერთი ეგზემპლარი მოდიოდეს, ხოლო მეორე მხრივ, დავავალდებულოთ მოქალაქეები, ზედმიწევნით ყურადღებით წაიკითხონ ეს გამოცემები. ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ ყოველ კენტ საათზე ყურსასმენებით რადიოს საინფორმაციო საშუალებების სმენის ვალდებულებას, შეგვიძლია დამშვიდებული ვიყოთ – ოქტომბერში ქართველი ერი ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებს.

 

კომენტარები