ეროვნული გამოცდები წელს ბოლოჯერ ტარდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსწაველებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, იქნება რვა გამოცდა და ტესტი უნარ-ჩვევებში, ისე, როგორც არის საფრანგეთში, გერმანიაში და სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში. ახალგაზრდები კი უმაღლეს სასწავლებლებში სკოლის გამოცდების შედეგებით ჩააბარებენ.
მისივე თქმით, მათთვის, ვისაც სკოლა უკვე დამთავრებული აქვს ან პირველ წელს ვერ ჩააბარებს, იქნება ტესტები. გარდა ამისა, მოსწავლეებს გამოცდის ჩაბარება მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ. ,,ადრე გამოცდები იყო მხოლოდ ზაფხულში, ახლა წლის განმავლობაში შეეძლებათ, რამდენჯერაც უნდათ და როცა უნდათ, მაშინ ჩააბარონ. როცა გააუმჯობესებ, მაშინ ჩააბარებ და ეს ეხება პედაგოგებსაც’’, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, დღესდღეობით აბიტურიენტი საატესტატო 8 გამოცდას და 4 ეროვნულ გამოცდას აბარებს. ცალკე საატესტატო გამოცდისთვის ემზადება, შემდეგ კი რეპეტიტორს ქირაობს და უმაღლესისთვის ემზადება. ,,რეპეტიტორის ქირაობის საშუალება ბევრს არ აქვს. ამის საშუალება თბილისის ცენტრში აქვთ მხოლოდ. აღმოჩნდა, რომ ისევ დავყავით საზოგადოება პრივილეგირებულ, ცხვირაწეულ პირებად და დანარჩენ საზოგადოებად. ეს არის ფუნდამენტური დავა და ამას მე ვერასდროს მივიღებ. ამიტომ იყო, რომ ჩვენ დავკარგეთ დრო და ბოლო ერთი წელი რომ არ გაეტარებინათ ამათ განათლების სამინისტროში კამათში და დროზე მიგვეღო გადაწყვეტილება, ეროვნული გამოცდები წელსაც აღარ ჩატარდებოდა’’, - განაცხადა სააკაშვილმა.
დღესვე მიხეილ სააკაშვილმა მასწავლებელთა სახლში შეკრებილ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისას გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელის ხატია დეკანოიძის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი საქმეს ენერგიულად შეუდგა. ,,თქვენ იცით, რომ ხატიამ ნულიდან შექმნა პოლიციის აკადემია, მაგრამ პოლიციელი არ არის, ეს თვითონ, პირდაპირ თქვა. ის არის ძალიან კარგი მენეჯერი, მაღალგანათლებული ადამიანი. აქვს ახლებული ხედვა. ჩვენ მუდმივად გვჭირდება განახლება, რეფორმებს ვერაფერი შეაჩერებს. შეიძლება ადამიანს ერთ ეტაპზე ჰქონდეს სწორი ხედვა, მაგრამ რეფორმები წინ მიდის, ცხოვრება მიდის წინ და ყოველთვის ასეა, რაღაც პერიოდში ყველა ადამიანი ძველდება. მეც ვძველდები, შაშკინიც ძალიან მალე დაძველდება ოღონდ მალე არა, ჩემზე იქით, ჩემზე უფრო დიდხანს გაძლებს, ხატია საერთოდ არასოდეს, ის ყოველთვის თანამედროვე იქნება’’, - განაცხადა სააკაშვილმა მასწავლებელთა სახლში.




