განათლება

მაია მიმინოშვილი: ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმების რეფორმას არ ვეთანხმები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს თავისი მიზეზი აქვს, თუ რატომ გაათავისუფლეს ის დღეს დილით.  მაია მიმინოშვილის თქმით, მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა.

„ საუბარი იყო იმაზე, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა გაუქმდეს და დარჩეს მხოლოდ ზოგადი უნარები და მოსწავლეების ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს გამოსაშვები გამოცდებით. მე, რა თქმა უნდა, გამოვხატე ჩემი მოსაზრება, და ვთქვი, რომ ეს კატეგორიულად არ შეიძლება,“ - ამბობს მიმინოშვილი.

სამინისტროში ადასტურებენ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმების საკითხზე სპეციალური კომისია მართლაც მუშაობდა. რეფორმა რამდენიმე წელიწადში ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი სქემით - 8+1-ით - ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ აბიტურიენტს მოუწევს ჩააბაროს 8 საატესტატო და ზოგადი უნარების გამოცდა. სამინისტროს ინფორმაციით, კომისიაში თითქმის ყველა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტის რექტორები, სკოლის დირექტორები და სამინისტროში შემავალი სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები შედიოდნენ. რეფორმას ყველა მათგანი ეთანხმებოდა.

მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა. ამასთან, ცენტრის 170-ივე თანამშრომელმა საქართველოს პრეზიდენტს სპეციალური მიმართვაც გაუგზავნა. თანამშრომლები პრეზიდენტს თხოვენ, მოლაპარაკების და დისკუსიის გზით, როგორმე თავიდან აიცილოს როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების, ისე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაშლის რეალური საფრთხე.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, მათთან შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის მინისტრი ცენტრში იმყოფება.

კომენტარები