ჟენევის მოლაპარაკებები

თსუ-ში ჟენევის მოლაპარაკებების თემაზე საჯარო დისკუსია გაიმართა

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა  საჯარო დისკუსია თემაზე- ჟენევის მოლაპარაკებების გამოწვევები. საჯარო დისკუსია თსუ-ს ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.

მომხსენებლებმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  სერგი კაპანაძემ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა  შოთა უტიაშვილმა, ივნისში დაგეგმილი მოლაპარაკებების მეოცე რაუნდის წინ, საზოგადოებას ჟენევის შეხვედრების მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

სერგი კაპანაძემ ყურადღება გაამახვილა ჟენევის მოლაპარაკებების არსებული ინკლუზიური ფორმატის მნიშვნელობაზე (არაფორმალურ შეხვედრებში ინდივიდუალური ფორმით მონაწილეობენ  საქართველოს, რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო, ისევე როგორც საქართველოს მიერ აღიარებული დროებითი მთავრობების, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები) და აღნიშნა, რომ სირთულეების მიუხედავად, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე, ჟენევის მოლაპარაკებები რჩება საქართველო-რუსეთს შორის კომუნიკაციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად.

შოთა უტიაშვილმა შეაჯამა ინცინდენტების პრევენციის ჯგუფის მუშაობა და დასძინა, რომ ადგილობრივ დონეზე მთავარ პრიორიტეტად რჩება, კონფლიქტის ზონასთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კავშირების ხელშეწყობა.

ჟენევის მოლაპარაკებები არსებული სახით 2008 წლიდან არსებობს და წელიწადში ოთხჯერ იმართება. 

კომენტარები