მოსკოვში მოკლულ ყოფილ გენერალ რომან დუმბაძეს საქართველოში ხვალ გადმოასვენებენ. ამის შესახებ მოკლულის ოჯახის ახლობლები იუწყებიან.
რომან დუმბაძის ბიძის, ონისე სურმანიძის ცნობით, ცხედარს ხვალ მოსკოვიდან თბილისში, შემდეგ კი ბათუმში გადაასვენებენ. ოჯახის ახლობლებისთვის უცნობია მკვლელობის შესაძლო მოტივები და ეჭვი არავისზე აქვთ.
რუსულმა სააგენტო ინტერფაქსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გამოძიება დუმბაძის მკვლელობის საქმეში ,,აჭარულ კვალს’’ ამოწმებს.
,,არ არის გამორიცხული, გენერლის მკვლელობას საფუძვლად ედოს სხვადასხვა ეთნიკური კრიმინალური დაჯგუფების ბიზნესინტერესები, რომლებსაც ე.წ. კანონიერი ქურდები, მეტსახელად ტარო და დედ ჰასანი აკონტროლებენ.’’-წერს რუსული მედია და აღნიშნავს, რომ გამოძიების ვერსიით, ,,გამორიცხული არ არის დუმბაძეზე შური თავად საქართველოს ხელისუფლებას ეძია’’.
რომან დუმბაძე სამშობლოს ღალატის ბრალდებით 2004 წელს, აჭარის მოვლენების დროს დააკავეს და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს რომან დუმბაძე საქართველოს მთავრობამ ფოთის პორტში დატყვევებულ 12 ქართველო სამხედროზე გაცვალა, რის შემდეგაც მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი მოსკოვში, საკუთარ სახლთან ახლოს 21 მაისს მოკლეს. რომან დუმბაძე რუბლოვსკაიას გზატკეცილზე მოტოციკლიდან დაცხრილეს.





