ქართული ფეხბურთი

ზესტაფონი ჩემპიონია

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულად ზესტაფონი გამოცხადდა.

ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს, საგანგებო სხდომაზე, თითქმის ოთხსაათიანი თათბირის შემდეგ მიიღო.

პირველობის უკანასკნელ ტურში რუსთავის მეტალურგმა ფოთში კოლხეთს 2:0 სძლია, ზესტაფონმა კი შინ მარტვილის მერანი 3:0 დაამარცხა. მეტალურგმა და ზესტაფონმა 55-55 ქულა დააგროვეს და ჩემპიონობა ორივემ აღნიშნა, თუმცა პირველადგილოსანი მხოლოდ დღეს, სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომის შემდეგ გაირკვა.

”დებულებაში არსად წერია სიტყვა ფლეი-ოფი. სწორედ ამის გამო, დებულების მიხედვით ზესტაფონს უფრო მეტი მოგება ჰქონდა მთლიანად ჩემპიონატში, ვიდრე მეტალურგს და ამიტომაც, ის გამოცხადდა ჩემპიონად,” - განაცხადა სფფ-ს პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიიღო აღმასკომმა, ის საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

კომენტარები