საქართველო-აშშ

მიხეილ სააკაშვილი პრინსტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პედაგოგების წინაშე სიტყვით წარსდგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია: პრეცედენტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის“.

ქვეყნის პირველმა პირმა იმ რეფორმებსა და ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში წარმატებით განხორციელდა. მან ყურადღება კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ამ მხრივ, ქვეყანამ დიდ პროგრესს მიაღწია, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც აღნიშნავს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონში მისაბაძი მაგალითი გახდა და წარმატებული რეფორმების გაზიარების მიზნით, დელეგაციები თითქმის ყველა ქვეყნიდან მათ შორის, რუსეთიდანაც ჩამოდის. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რეფორმები მთელი რეგიონის მასშტაბით უნდა განხორციელდეს, რადგან გარშემო მყოფი ქვეყნების განვითარებას საქართველოსთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის პრემიერის, დიმიტრი მედვედევის ცნობილი განცხადებაც გაიხსენა.

”დუმაში მისი კანდიდატურის დამტკიცებისას მედვედევმა თქვა, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმები გაატარა, რომ მათ ჩვენგან უნდა ისწავლონ, მიუხედავად იმისა, რომ მათ მე ვძულვარ.” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს არის ყველაზე დიდი პარადოქსი.

უნივერსიტეტში პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მმართველობის სტილზეც ისაუბრა.

"მე ჯერ ისევ პოპულარული პრეზიდენტი ვარ, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო საპატიოა, ვიდრე ჩემი პიროვნება. იგივე ეხება პარლამენტსაც. ის გაცილებით უფრო პოპულარულია, ვიდრე კონკრეტული პარლამენტარი. იგივე ხდება არმიის, მთავრობის შემთხვევაში.” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მაგალითისთვის, პრეზიდენტმა პოლიციის რეიტინგი დაასახელა, რომელსაც მისი თქმით, მოსახლეობის 90 % ენდობა.

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით 16 მაისს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ის 20-21 მაისს ჩიკაგოში, ნატოს სამიტს დაესწრება.

 

კომენტარები