საგზაო მოძრაობა

სააკაშვილი გზებზე სიკვდილიანობის შემცირებაზე საუბრობს

პრეზიდენტ სააკაშვილს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად გზებზე სიკვდილიანობის შემცირება მიაჩნია. ამ საკითხზე მან რუსთავის ახალი ავტოდრომის გახსნაზე ისაუბრა.

„საქართველოში ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება, რაც პირადად ჩემი და ჩვენი მთავრობის ძალიან დიდ მიღწევად მიმაჩნია. სიკვდილიანობა გზებზე შარშან, თითქმის, 25%-ით შემცირდა. ეს უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია იმ თვალსაზრისით, რომ თანამედროვეობას ფეხი ავუწყოთ. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი თავზეხელაღებული მძღოლია. საავტომობილო შემთხვევების შემცირება იმანაც გამოიწვია, რომ ღვედების მოხმარების სისტემა ავაწყეთ და ამაში ხალხმაც მხარი აგვიბა. ეს იმის დამსახურებაცაა, რომ უკვე ხარისხიანი გზები გვაქვს. ამასთან, პატრული ცოტა უფრო მომთხოვნი გახდა, რაც აუცილებელია და არავის არ უნდა ეწყინოს, რადგან ყველაფერი ისევ ადამიანების უსაფრთხოებისთვის კეთდება“, - განაცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ახალი ავტოდრომის გახსნის პარალელურად, პრეზიდენტმა წრიულ რბოლაში გამარჯვებულები დააჯილდოვა. პირველი ადგილი შოთა აფხაზავამ დაიკავა, რომლის კერძო ინვესტიციითაც აშენდა ახალი ავტოდორმი. ტრასის სიგრძე 4 122 მეტრია.

 

 

კომენტარები