საგზაო მოძრაობა

ე.წ დრიფტი 300 ლარით დაჯარიმდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების საკითხებს ეხება.

ცვლილებების ნაწილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდას შეეხება. ცვლილებები შეეხება ხმაურის რეგულირების საკითხსაც. მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ხმაურის დასაშვები დონე და ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური აღემატება დადგენილ ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას.

გარდა ამისა, 300 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვა ე.წ. დრიფტი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას. კანონპროექტი დამუქებული მინების და ციმციმა სიგნალების დადგენილი წესის დარღვევით გამოყენებასაც შეეხება.

კანონი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ამოქმედდება, ხოლო ხმაურთან დაკავშირებული რეგულაციები ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევა.

კომენტარები