ტექნოლოგიები

ასტეროიდებიდან ბუნებრივ რესურსებს მოიპოვებენ

რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა და კომპანია Google-ის ხელმძღვანელმა, ლარი პეიჯმა შექმნეს კომპანია, რომელიც დედამიწასთან ახლოს მყოფი ასტეროიდებიდან ბუნებრივ რესურსებს მოიპოვებს. ახალ კომპანიას Planetary Resources ეწოდება.

კომპანია იმედოვნებს წყლის, ძვირფასი მეტალების და სხვა რესურსების მოპოვებას. შემდეგი 18-24 თვის განმავლობაში კომპანია შექმნის კერძო ტელესკოპებს, რომლებიც წიაღისეულით მდიდარ ასტეროიდებს იპოვის. დაახლოებით 5-10 წლის განმავლობაში კი უკვე მოპოვება დაიწყება.

მეცნიერთა ნაწილი გეგმის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. მათი თქმით, ასეთი პროგრამა წამგებიანი იქნება. სკეპტიკოსებს მაგალითად NASA-ს უკანასკნელი პროექტი მოაქვთ. პროექტის ფარგლებშიც რობოტმა ასტეროიდიდან 60 გრამი მასალა უნდა ჩამოიტანოს და ის დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დაჯდა.  

კომპანიის დამფუძნებლების განცხადებით, დედამიწასთან ახლოს დაახლოებით 9000 ასტეროიდია, მათგან 1500-ის მიღწევას იგივე ძალისხმევა სჭირდება რაც მთვარეზე გაფრენას. კომპანიის გათვლებით, ერთ 500 მეტრიან ასტეროიდში უფრო მეტი პლატინაა, ვიდრე Platinum Group Metals მთელი თავისი არსებობის განმავლობაში მოუპოვებია. ასეთი ასტეროიდების პოვნა მოპოვებას მომგებიანს გახდის. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას კომპანიის დამფუძნებლები წყალზე აკეთებენ. მათი თქმით, ახალი მარაგების აღმოჩენით სასმელი წყლის პრობლემა მთელ მსოფლიოში მოგვარდება. ამასთან ერთად, დამაარსებლები ახალი ტექნოლოგიების განვითარებას აპირებენ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს წიაღისეულის მოპოვების ხარჯებს.            

კომენტარები