საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. კერძოდ დეპუტატ აზერ სულეიმანოვის მხრიდან დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას მისამართით გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც გიორგი ტუღუშის თქმით, სულეიმანოვმა განსხვავებული ეთნიკური ნიშანი,შეურაცხმყოფელ კონტექსტში წარმოაჩინა და ოპონენტის დისკერდიტაცია ამ გზით სდაცა.
” ყოველი ასეთი ფაქტი საფრთხეს უქმნის საქართველოს მშვიდობიან განვითარებას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ერთობას, ეწინააღმდეგება ჩვენი კონსტიტუციის სულისკვეთებასა და საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. მინდა შეშფოთებით აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საჯარო პირებისა და პოლიტიკური ფიგურების მხრიდან გახშირდა ამ ტიპის განცხადებებისა და გამონათქვამების გამოყენების შემთხვევები.
მინდა კიდევ ერთელ მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, ერთი მხრივ, თავი შეიკავონ ამგვარი რიტორიკისგან და მეორე მხრივ, უმკაცრესი შეფასება მისცენ ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის გამოვლინების ნებისმიერ შემთხვევას."- აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველმა თავის განცხადებაში.
დღეს, პარლამენტის სხდომაზე ჯონდი ბაღათურია საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარების წინააღმდეგ გამოვიდა და თქვა, რომ სომეხ მოქალაქეებსაც აქვთ უფლება საქართველოს სომეხთა გენოციდის აღიარება მოსთხოვონ.
”ხვალ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, სომხები მოვლენ და სათქმელი არაფერი არ გვექნება.”- აღნიშნა ბაღათურიამ. ამ გამოსვლას მოჰყვა ჩხუბი ბაღათურიასა და აზერ სულეიმანოვს შორის, რის შემდეგაც სულეიმანოვი მიკროფონთან მივიდა და განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენი სომეხი კოლეგა, ბატონი ჯონდი ბაღათურიანი, თავის სომხურ აზრზე დარჩა.“
პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა დეპუტატებს ნუ ითამაშებენ საქართველოსთვის ყველაზე საზიანო თამაშს, ნუ დაყოფენ საქართველოს მოქალაქეებს ეთნიკური ნიშნით.




