პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარედ ადვოკატი მანანა კობახიძე აირჩიეს. სადამფუძნებლო ყრილობაზე ითქვა, რომ მანანა კობახიძე პარტიას ფორმალურად იქამდე უხელმძღვანელებს, სანამ ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, პოლიტიკური უფლებები მიენიჭება.
"ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად გახდება პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე. დღეს, ფორმალური თვალსაზრისით ჩვენ ვირჩევთ მანანა კობახიძეს, რადგან კონსტიტუციაში ცვლილების შესვლას გარკვეული დრო სჭირდება", - განაცხადა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა, რომელიც დღესვე ყრილობის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.
ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც დამტკიცდა. წესდების მიხედვით ის პარტიის აღმასრულებელი ორგანოა და პარტიის თავმჯდომარისა და იმ არაუმეტეს 11 წევრისგან შედგება, რომლებსაც პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ორი წლის ვადით პარტიის ყრილობა ირჩევს. მისი წევრები არიან: გურამ ოდიშარია, ირაკლი სესიაშვილი, ივანე კიღურაძე, თამაზ ავდალიანი, ზურაბ აზმაიფარაშვილი, თედო ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ელისო ჩაფიძე, გელა ხვედელიძე,გუგული მაღრაძე, ნოდარ ხადური.
ყრილობას მთელი საქართველოდან ათასზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.




