რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აპრილის ბოლომდე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის 400 უმცროსი სპეციალისტი ჩავა. მათ სამთვიანი მომზადების კურსი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრებში გაიარეს. აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის ქვედანაყოფში იგზავნებიან მძღოლ-მექანიკოსები, ტანკ Т-90А მემიზნე-ოპერატორები, თვითმავალი ჰაუბიცა Акация-ას მძღოლ-მექანიკოსები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს Штурм-С-ეს მემიზნე-ოპერატორები და სხვა სამხედრო ტექნიკის სპეციალისტები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ადიღეას რესპუბლიკაში მომზადებას გაივლის ასევე 1500 ახალწვეული. მომზადების დასრულების შემდეგ ისინი სამსახურს აფხაზეთში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებში გააგრძელებენ.





