ცნობილი კარდიოქირურგის, იური შევჩენკოს წარმომადგენლებმა მოსკოვის რაიონულ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი ვლადიმირ გუნდიაევის წინააღმდეგ. ქირურგის ადვოკატები რუსეთის პატრიარქს უკანონო გზით ქონების დაგროვებისთვის უჩივიან.
საინფორმაციო სააგენტო Росбалт - თან საუბარში შევჩენკოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 19, 7 მილიონი რუბლი, რომელიც ქირურგმა ლიდია ლეონოვას (პატრიარქის კუთვნილ ბინაში მცხოვრები პირი) ანგარიშზე გადარიცხა, შეიცავდა 2, 6 მილიონ რუბლს, რომელიც შევჩენკოს პატრიარქის ბინაში ავეჯის დაზიანებისთვის დაეკისრა.
შევჩენკოს ადვოკატებმა აღნიშნეს რომ, ისინი რუსეთის კანონმდებლობას ეყრდნობიან, რომლის თანახმადაც, გამოსაყენებლად უვარგისად შეფასებული საგნები უნდა გადაეცეს მოპასუხეს, ამ შემთხვევაში - შევჩენკოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოსარჩელე უკანონოდ გამდიდრებულად მიიჩნევა.
შევჩენკოს წარმომადგენლები პატრიარქისაგან მოითხოვენ 13 სკამის, ორი დივანის, სავარძლისა და სამი ხალიჩის მათთვის გადაცემას. „მხოლოდ ასეთი გზით შევძლებთ, ვნახოთ თუ რა საგნები დაზიანდა და რატომ შეაფასა ისინი სასამართლომ ასე ძვირად.“ - აღნიშნეს ქირურგის ადვოკატებმა.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს პატრიარქის სახლში მცხოვრებმა ლიდია ლეონოვამ განმარტა, რომ ამ სახლში მეზობელ სახლში მიმდინარე სამუშაოების მიზეზით შესულმა სამშენებლო მტვერმა ავეჯის დაზიანება გამოიწვია.
ლეონოვამ მოსკოვის სასამართლოში ქირურგის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, სასამართლომ სარჩელი მოკლე ვადებში განიხილა და დააკამყოფილა. საბოლოოდ შევჩენკომ მეზობლისთვის მიყენებული ზარალი 19, 7 მილიონი რუბლის გადახდით აანაზღაურა, ლეონოვამ კი კატეგორიული უარი განაცხადა ქირურგის წარმომადგენლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე - მათთვის დაზიანებული ავეჯი ეჩვენებინა.




