ცხინვალის რეჟიმი

როკის გვირაბი სარემონტოდ იკეტება

რუსეთის „ჩრდილო-კავკასიის ფედერალური გზების ცენტრის“ ინფორმაციით, რეკონსტრუქციისა და რემონტისთვის როკის გვირაბი 24 აპრილიდან დაიხურება. მოძრაობა მხოლოდ სპეციფიკური გრაფიკით იქნება შესაძლებელი - ცხინვალიდან რუსეთისკენ გარკვეულ საათებში და პირიქით. მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის.  

როკის გვირაბის სიგრძე 3.7 კილომეტრია, ის უკვე 25 წელზე მეტია ფუნქციონირებს. სპეციალისტების ინფორმაცით, სიძველის გამო  გვირაბში ჰიდროლიზაცია, ელექტრობა და ვენტილაცია ხელახლაა გასაკეთებელი, გზის საფარი კი დასაგებია. განახლებული როკის გვირაბის ექსპლუატაციაში შეყვანის თარიღად 2015 წელი დასახელდა. მისი რეაბილიტაცია დაახლოებით 18 მილიარდი რუბლი დაჯდება, ხარჯებს თავის თავზე რუსეთის მთავრობა იღებს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ გვირაბის დახურვის შესახებ არაფერი იცის. „ჩვენთვის არაფერი უცნობებიათ ამ გადაწყვეტილების შესახებ და მე არ ვიცი ვინ მიიღო ის“ - განაცხადა  ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა ბიბილოვმა. მისი თქმით, ის აუცილებლად გაარკვევს ვინ მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მათთან შეთანხების გარეშე.   

კომენტარები