უკრაინა

მმართველი პარტიის რეიტინგი ეცემა

უკრაინას ოქტომბერში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ელის. მართალია, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 90 დღეს გასტანს, მისთვის მზადება თითქმის ყველა პოლიტიკურმა ძალამ უკვე დაიწყო. ხელისუფლება პოპულისტური დაპირებებით და ოპონენტთა მიმხრობით ცდილობს საკუთარი პოზიციების განმტკიცებას, ოპოზიციურ სპექტრს კი მმართველი რეგიონების პარტიისთვის (PRU) სათანადო წინააღმდეგობის გასაწევად, გაერთიანება და ქვეყანაში დაგროვილ პრობლემებზე აპელირება დარჩენია. ოპოზიციისთვის იმედისმომცემია წინასწარი გამოკითხვების შედეგები: პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა.

დღეისთვის PRU მოსახლეობაში 14-18%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს და ეს მაჩვენებელი ყოველთვიურად მცირდება. საპირისპიროდ, მთავარი ოპოზიციური პარტიის, იულია ტიმოშენკოს მემარჯვენე-ცენტრისტული ბატკივშინას (Batkivshchyna) რეიტინგი 15%-მდეა ასული. მზარდი მხარდაჭერით გამოირჩევა იულია ტიმოშენკოს მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, არსენი იაცენიუკის ცენტრისტული ცვლილებების პარტიაც (Front for Changes) – მომხრეთა 8%-იანი მონაცემები 11%-მდე გაზარდა. 5%-იანი ბარიერის გადალახვას, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე პარტია მოახერხებს: პიოტრ სიმონენკოს პრორუსული და მემარცხენე, კომუნისტური პარტია (5,3%), ვიტალი კლიჩკოს პროევროპული და კორუფციასთან მებრძოლი, უკრაინის რეფორმების დემოკრატიული ალიანსი (UDAR – 5,1%). ეს იმის მანიშნებელია, რომ გაერთიანებისა და კომპრომისის მოძებნის შემთხვევაში, ერთიანი ოპოზიცია მმართველი ძალისთვის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს.

მმართველი პარტიის რეიტინგის ვარდნა, ერთი მხრივ, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით აიხსნება. გლობალური კრიზისის ფონზე დაეცა ზრდის მაჩვენებელი, ვითარების გამოსწორებას კი გაზრდილი კორუფცია, პირადი საკუთრების დაუცველობა, მთავრობის მხრიდან ეკონომიკურ საქმიანობაში ხშირი ჩარევა და სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა აფერხებს. გარდა ამისა, მთავრობამ საბიუჯეტო დეფიციტის აღმოსაფხვრელად სოციალური დანახარჯების შემცირება დაიწყო, რასაც მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა.

ამას ემატება ერთგვარი წარუმატებლობა საგარეო პოლიტიკაში. კერძოდ, იანუკოვიჩის მთავარი დაპირება რუსეთთან და დასავლეთთან დაბალანსებული ურთიერთობის გატარება გახლდათ, საბოლოო ჯამში კი, შავის ზღვის ფლოტში სამხედრო ბაზის 2042 წლამდე

დათმობის მიუხედავად, კიევს მოსკოვთან გაზის ფასზე კვლავაც დავა აქვს. რაც შეეხება ასოცირებული შეთანხმების შესახებ ევროკავშირთან ხუთწლიან მოლაპარაკებას, დემოკრატიული ცვლილებების ნაკლებობის გამო ის უშედეგოდ დასრულდა.

აქედან გამომდინარე, რეგიონების პარტიისთვის მთავარი ბერკეტი საარჩევნო სისტემაში გატარებული მთელი რიგი ცვლილებები (მაგალითად, შერეულ სისტემაზე გადასვლა), ასევე მედიასა და სახელმწიფო რესურსებზე არსებული კონტროლია.

იანუკოვიჩის უმთავრეს მიღწევად მიიჩნევა ლიბერალური ძლიერი უკრაინის (SU) ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის მოადგილის, სერგეი ტიგიპკოს მიმხრობა, საკუთარ რიგებში მეორე კანდიდატად ჩაწერა და მისი პარტიის დაშლა. იგი მოსახლეობაში დაახლოებით 3-4%-იანი მხარდაჭერით სარგებლობდა. ამასთან ერთად, რეგიონების პარტიასთან გაერთიანება არ გამორიცხა გაერთიანებული ცენტრის (United Center) ლიდერმა, ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს ბანაკის წევრმა და საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვიქტორ ბალოგამ.

გარდა ამისა, ბოლო დროს მმართველი ძალა მოსახლეობის გულის მოსაგებად პოპულისტურ დაპირებებსაც – პენსიების გაზრდა, საბჭოთა პერიოდში ბანკში შენახული ფულის დაბრუნება – არ იშურებს, მსგავსი ინიციატივებისთვის კი ბიუჯეტიდან 2 მილიარდი დოლარის გამოყოფაა საჭირო.

ხელისუფლების ამგვარმა გააქტიურებამ ოპოზიციას, გარკვეულწილად, გაერთიანების საჭიროება დაანახა – ოპონენტები უკვე ღიად საუბრობენ არჩევნებში ერთიანი ძალებით მონაწილეობის უპირატესობაზე. მაგალითად, მერის არჩევნებში დამარცხების შემდეგ UDAR-ის ლიდერმა განაცხადა, რომ მსგავსი შეცდომა აღარ უნდა დაუშვან (მაშინ რეგიონების პარტიის კანდიდატმა ხმათა 38,6% მიიღო. ერთიანი კანდიდატის შემთხვევაში კი ოპოზიცია 40,05%-ს მიიღებდა).

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მოახერხებს ოპოზიციური სპექტრი ერთიანი პოზიციის შემუშავებას. თუმცა ცხადია, რომ მას დროც ცოტა აქვს და არც ხელისუფლება ზის უმოქმედოდ – ისიც აქტიურად ცდილობს პოტენციური პარტნიორების რეგიონების პარტიის გარშემო გაერთიანებას.

 

კომენტარები