კვლევა

ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად თავდაცვის სამინისტრო დასახელდა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით, პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ – www.opendata.ge - ს შედეგების პრეზენტაცია გამართა.

IDFI -ის მიერ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებისაგან გამოთხოვნილი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიებაზე ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები დასახელდნენ.

პროექტის ფარგლებში, „2011 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის“ სერთიფიკატები გადაეცათ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ასევე, სხვადასხვა რეგიონულ საჯარო დაწესებულებებს.

2011 წლის ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად თავდაცვის სამინისტრო დასახელდა.  იმ დაწესებულებებს შორის, რომლებიც ზღუდავენ საჯარო ინფორმაციის გავრცელებას  ასევე დასახელდა: შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო,  სხვადასხვა რეგიონების მუნიციპალიტეტის გამგეობები.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე რეაგირების მიხედვით გამოვლინდა. მისი თქმით, სხვადასხვა დაწესებულებებში გაიგზავნა სტანდარტული შეკითხვები, რომლებიც ძირითადად ბიუჯეტების და სარეზერვო ფონდების, მინისტრებისა და სხვა საჯარო მოხელეთა პრემიების საკითხებს შეიცავდა. პროექტის ფარგლებში, სულ გაიგზავნა 7339 განცხადება 229 საჯარო დაწესებულებაში. სრულყოფილი პასუხი მოთხოვნილ ინფორმაციაზე 57% - ს გაეცა, ხოლო 23 % -ის იგნორირება მოხდა.

IDFI -ს თავმჯდომარემ ტაბულასთან განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის მიზანია, როგორც მოსახლეობამ, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებებმა დაინახონ, თუ ვის აქვს პრობლემები საჯაროობასა და გამჭირვალობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, აუცილებელია თავად საზოგადოება ჩაერთოს ამ პროცესში და დაინტერესდეს, თუ როგორ ფუნქციონირებენ სხვადასხვა დაწესებულებები.

ღონისძიებაზე გაიმართა IDFI - ის მიერ გამოცემული ახალი პუბლიკაციის „ინფორმაციის თავისუფლება - გზამკვლევი“ პრეზენტაციაც. გზამკვლევში წარმოდგენილია ინსტიტუტის მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკა. მისი მიზანია, დაინტერესულ პირებს დაეხმაროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მართებულ გაგებაში და გამოყენებაში.

 

კომენტარები