მედიაგაერთიანებამ "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" გაავრცელა პეტიცია და მასში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია "თავისუფალ ტელევიზიებზე" ზეწოლაში დაადანაშაულა.
აღნიშნულ მედიაგაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ ინტერესდება იმ მაუწყებლებით, რომლებიც "ხელისუფლებას ემსახურებიან", თუმცა აქტიურად ახორციელებს "თავისუფალ მაუწყებლებზე ზეწოლას".
„ცოტა ხნის წინ, მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანია "თრიალეთი" სიხშირეების უკანონო გამოყენებისთვის 5000 ლარით დააჯარიმა, თუმცა კომისიას ამის არგუმენტირებული დასაბუთება არ წარმოუდგენია. მედიაგაერთიანება მარეგულირებელი კომისიისაგან მოითხოვს, ჟურნალისტების და ექსპერტების თანდასწრებით შემოწმდეს "თრიალეთის" მიერ ლიცენზიით მინიჭებულ სიხშირეებზე მაუწყებლობა.“ - ნათქვამია პეტიციაში, მისი ავტორები ხელისუფლებას ადანაშაულებენ მე-9 არხზე ზეწოლაშიც, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანიის გავრცელების არე.
მედიაგაერთიანება „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ შექმნის იდეით ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი გასულ იანვარში გამოვიდა.
„ჩვენ დავიცავთ ერთმანეთს. ამ მედიაგაერთიანების ძალას იგრძნობს ყველა, ვინც მედიის წინააღმდეგ უკანონობას სჩადის,“- ითქვა მაშინ, გაერთიანებაში წარმომადგენილი მედია საშუალებების მიერ ერთობლივი მემორანდუმის მიღებისას. მას ხელს აწერენ: „ალიაჰოლდინგი“, „რეზონანსი“, ინტერნეტგამოცემა „Presage.tv“, მედიაკავშირი „ობიექტივი“, „მედიაპალიტრა“, „ასავალ-დასავალი“, რადიოკომპანია „საქართველოს ხმა“, ტელეკომპანია „საქართველოს ხმა“, გაზეთი „ვერსია“, ჟურნალი „ღია ბოქლომი“, „ბანკები და ფინანსები“, ტელეკომპანია „მაესტრო“, რადიოკომპანია „მაესტრო“.
მედიაგაერთიანება „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ დღეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართვას აპირებს.




