სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის თქმით , 2011 წლის საანგარიშო პერიოდში პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებული არაგეგმიური ვიზიტების შედეგად გამოიკვეთა, რომ პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.
ტუღუშის ინფორმაციით, 2011 წელს (საანგარიშო პერიოდში) ამ მხრივ , ყველაზე ხშირად პრობლემები აღინიშნებოდა გლდანის N8 დაწესებულებაში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებებში და ქუთაისის N2 დაწესებულებაში.
სახალხო დამცველის აზრით, პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის პრობლემა შეიძლება აიხსნას სისტემის თანამშრომლებს შორის დაუსჯელობის სინდრომით, ხელმძღვანელობა კი ხშირად უფრო მეტად ზრუნავს პრობლემის დაფარვაზე, ვიდრე მის მოგვარებაზე. გიორგი ტუღუშის სიტყვებით, საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა როგორც პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობას, ასევე პატიმართა ჯანმრთელობის უფლების დარღვევის ფაქტებს, რომ საანგარიშო წელს კვლავ დაფიქსირდა სისტემაში გარდაცვლილ პატიმართა მაღალი მაჩვენებელი და ამის ერთ–ერთ ძირითად მიზეზად კვლავ ტუბერკულოზი რჩება.
პარლამენტში ამ ცოტა ხნის წინ გადაიგზავნა სახალხო დამცველის 600 გვერდიანი ანგარიში 2011 წელს, საქართველოში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. ანგარიში ეხება უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს და მიმოიხილავს სამოქალაქო–პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა დაცვის მდგომარეობას.
ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობა. მისი წარმომადგენლების მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებული რეგულარული მონიტორინგის შედეგები.
პარლამენტში ამ ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე სახალხო დამცველმა სხვა და სხვა პრობლემაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა დევნილთა მდგომარეობაზეც.
სახალხო დამცველის აპარატი დევნილთა მდგომარეობის შესასწავლად მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით ატარებდა. ტუღუშის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ გარკვეული პროგრესის მიუხედავად, პრობლემები რჩება დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიმართულებით.
სახალხო დამცველმა ჯანდაცვის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა. "შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ამ სისტემის ერთ–ერთ სერიოზულად პრობლემად რჩება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მოსახლეობის ის კატეგორია, რომელიც არ ან ვერ სარგებლობს დაზღვევით", – განაცხადა მან და თავის გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა ბავშვთა და ქალთა უფლებებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და ა.შ.
სახალხო დამცველის ანგარიში 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, ანგარიშის განხილვა პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირაში იგეგმება.





