სახალხო დამცველი გამოეხმაურა 31 მარტს, მურმან დუმბაძის მიერ, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხისადმი მიძღვნილ გადაცემაში „რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი მასალკინის მისამართით გაკეთებულ განცხადებას. მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ წარმომადგენელმა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში“ქართული ოცნების“ სტრუქტურის ჩამოყალიბება დაავალა, ყოფილ თანაპარტიელზე, გიორგი მასალკინზე თქვა, რომ ის „გენით ქართველი არ არის.“
"ბატონი მურმანი აღნიშნულ გადაცემაში ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე გარკვეულ ზღვარს ავლებს საქართველოს სხვა მოქალაქეებსა და ეთნიკური წარმოშობით ქართველებს შორის, რაც რბილად რომ ვთქვათ დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა. ვთვლი, რომ მსგავსი განცხადება უაღრესად კრიტიკულ შეფასებას იმსახურებს ჩემგან, როგორც უფლებადამცველისგან, რადგან დაუშვებელად მიმაჩნია ეთნიკური წარმომავლობის რაიმე სახის პრობლემად წარმოჩენა.“-აღნიშნავს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საკუთარ განცხადებაში და დასძენს: „ამ ტიპის განცხადებების გაკეთებისაგან განსაკუთრებით პოლიტიკურმა მოღვაწეებმა უნდა შეიკავონ თავი, რადგან მსგავსმა რამ შეიძლება ხელი შეუწყოს საზოგადოებაში შეუწყნარებლობის გაღვივებას, რაც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ერთიანობას და შეურაცხყოფს არამარტო კონკრეტულ პიროვნებას, არამედ ზოგადად საქართველოს მოქალაქეების ღირსებას, ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და მიზნებს, რომელთა დამკვიდრება საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას წარმოადგენს და დეკლარირებულია საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში.“
მურმან დუმბაძე ერთი წლის წინ „რესპუბლიკური პარტიის“ რიგებიდან გარიცხეს, პარტიის წესდებასთან შეუსაბამო ქმედებების გამო. დუმბაძემ მაშინ არ გაითვალისწინა პარტიული ლიდერების გაფრთხილება და უარი არ თქვა მეჩეთის მშენებლობის გასაპროტესტებლად საპროტესტო აქციის ორგანიზებაში. მაგრამ, ცოტა ხნის წინ მურმან დუმბაძეს რესპუბლიკელების პარტნიორი, ბიძინა ივანიშვილი, შეხვდა და თანამშრომლობა შესთავაზა, რასთან დაკავშირებითაც „რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დუმბაძის მიმართ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
თავად, მურმან დუმბაძემ ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მისი და ივანიშვილის მოსაზრებები აზიზეის მეჩეთის საკითხზე იდენტურია და, რომ მას ივანიშვილმა ბათუმში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა დაავალა.
აზიზეის მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ბათუმში ორიოდე დღის წინ შედგა. მასში მონაწილეობდნენ „ემსახურე საქართველოს“ წარმომადგენლებიც, მათ შორის მურმან დუმბაძე.




