
შენუდა დიდი პოპულარობითა და ავტორიტეტით სარგებლობდა ეგვიპტელ ქრისტიანებში, რომლებიც ისლამური ქვეყნის ოთხმოცი მილიონი მოსახლეობის 10%-იან უმცირესობას წარმოადგენენ. იგი მარჯვედ ახერხებდა ხელისუფლებასთან ბალანსირებას. მუბარაქის მხარდაჭერის სანაცვლოდ, რეჟიმი ქრისტიანულ თემში ეკლესიის დომინანტ როლს აღიარებდა. მუბარაქთან ახლო ურთიერთობას წინ უძღოდა დაპირისპირება მის წინამორბედ ანვარ ალ-სადათთან. შენუდამ იგი ისლამისტი სამხედროების მართვის უუნარობაში ამხილა. სანაცვლოდ სადათმა პაპი სექტარიანიზმის წაქეზებაში დაადანაშაულა და მონასტერში შიდაპატიმრობა მიუსაჯა, რომელიც სამ წელს გაგრძელდა. შენუდა ცნობილი იყო თავისი ოპოზიციით ისრაელის მიერ იერუსალიმის დაკავების მიმართ. პროტესტის ნიშნად, იგი თავისი სამწყსოს წევრებს საღვთო ქალაქში პილიგრიმობას უკრძალავდა. პაპი აგრეთვე გამოირჩეოდა კონსერვატორული შეხედულებებით და განქორწინებას მკაცრად ეწინააღმდეგებოდა.

პოსტმუბარაქის პერიოდში ქრისტიანთა მიმართ რელიგიური დისკრიმინაცია და ძალადობა არნახულად გაიზარდა. ამას ხელი ექსტრემისტული ისლამური ფრაქციების გამოჩენამ და რეჟიმის გადაგდების შემდეგ წარმოქმნილმა უსაფრთხოების ვაკუუმმა შეუწყო. გასული წლის ოქტომბერში ეკლესიების დანგრევის გამო ქრისტიანთა პროტესტის სასტიკად დარბევამ 25 დემონსტრანტის სიცოცხლე შეიწირა. ამან ეჭვები წარმოშვა ქვეყნის სამხედრო ლიდერების არსებულ ძალადობაში მონაწილეობის შესახებ. იანვარში მუსლიმთა ჯგუფმა ერთ-ერთი სოფლიდან ქრისტიანი მცხოვრებლები ძალის გამოყენებით გააძევა. მათი გულისწყრომა ქრისტიანი კაცისა და მუსლიმი ქალის ურთიერთობამ გამოიწვია. ეგვიპტური პოლიცია აღნიშნულ ინციდენტში არ ჩაერია.
ქრისტიანები, განსაკუთრებით, რადიკალურად განწყობილ სალაფისტებს უფრთხიან. მათმა პარტია ალ-ნურმა არჩევნებში ხმების მეოთხედზე მეტის მოპოვება შეძლო, მაშინ როდესაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ რამდენიმე ქრისტიანია. პარლამენტში ალ-ნურის წარმომადგენლებმა, წუთიერი დუმილის დროს შენუდასთვის პატივის მიგებაზე უარი განაცხადეს. გავლენიანმა სალაფისტმა ლიდერმა სოციალურ მედიაში მორწმუნეებს პაპის გარდაცვალებაც კი მიულოცა.

ახალი პაპის არჩევა უძველესი ტრადიციის მიხედვით მოხდება. ხმების მიცემის ორი რაუნდის შემდეგ, ეპისკოპოსთა უმაღლესი საბჭო სამ კანდიდატს ამოარჩევს, მათ სახელებს ფურცელზე დაწერს და საგანგებო ყუთში მოათავსებს. პაპი ის გახდება, რომლის სახელსაც ყუთიდან თვალახვეული ბავშვი ამოიღებს. ეგვიპტელი ქრისტიანების მომავალი, მომავალი პაპის ვინაობის მსგავსად, ბურუსითაა მოცული.





