მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე საყურადღებო განცხადება გააკეთა თბილისში, ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტთან და ევრონესტში სახალხო პარტიის ჯგუფის წევრებთან შეხვედრაზე. მან „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“ უწოდა მოახლოებული არჩევნების „მაქსიმალურად გამჭირვალედ და მაქსიმალურად სუფთად“ ჩატარებას. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დამთხვევად არ უნდა განვიხილოთ საქართველოში, უშუალოდ, არჩევნების წინ რუსეთში დიდი სამხედრო სწავლებების დანიშვნა. მისი თქმით, ამას გარდა, რუსეთი „ყველა ღონეს იხმარს ამ არჩევნების დისკრედიტაციისთვის.“
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ერთის მხრივ ცდილობს და მომავალშიც შეეცდება ქართველები დააშინოს, მეორე მხრივ ცდილობს „ ამავე ქვეყნიდან შემოსული ფულის გამოყენებით, ქართველი ამომრჩეველი მოისყიდოს“. „ თუმცა, ვფიქრობ, 2008 წელმა კარგად აჩვენა, რომ დაშინებითა და მოსყიდვით საქართველოს ურყევი ნების შეცვლა შეუძლებელია.“- განაცხადა მან და დასძინა, რომ ქართველმა ხალხმა კარგად იცის საით მიდის, მრავალეთნიკურმა ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რა არის მისი ინტერესი და მას არ ეშინია, რადგან საკუთარი შვილებისა და საზოგადოებისთვის ის თავისუფალ მომავალს აშენებს.
პრეზიდენტმა ევროპელ სტუმრებს უთხრა, რომ საქართველოს ისე როგორც არასდროს, სჭირდება ბევრი უცხოელი დამკვირვებელი, რომ მისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებმა აქ ბევრი კვლევა ჩაატარონ და საფუძვლიანად გამოიკითხონ საზოგადოებრივი აზრი. პრეზიდენტის სიტყვებით, ეს საჭიროა რათა „უცხო ქვეყნის ფულით დაქირავებულ სხვადასხვა ელემენტებს არჩევნების დღეს საზოგადოების აზრით მანიპულაციის საშუალება არ მიეცეს.“
"დიდი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში, თუ შესაძლებელია, ყოველ კვირას ან ყოველ თვეს მაინც უნდა იკვლევდეს საზოგადოებრივ აზრს, რათა საქართველოში საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მსურველმა, ვერ მოახერხოს არჩევნების პერიოდში მისი დისკრედიტაცია და შემდეგ, ამაზე დაყრდნობით, გარკვეული, არასასურველი პროცესების განვითარება და არეულობის გამოწვევა. სურვილის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ამას ვერ მოახერხებენ, რადგან გვაქვს საქმე ბევრად უფრო განვითარებულ დემოკრატიასთან, ბევრად უფრო მყარ ინსტიტუტებთან და საკუთარ თავში ბევრად უფრო დარწმუნებულ საზოგადოებასთან. სწორედ ამიტომ გვჭირდება თქვენგან უფრო მეტი აქტიურობა, დაკვირვება, საზოგადოებრივი აზრის შესწავლა, მასმედიისა და, ზოგადად, მთელი საარჩევნო პროცესის მონიტორინგი. მნიშვნელოვანია პარტიების დაფინანსების გაკონტროლება საერთაშორისო ინსტრუმენტების მეშვეობით, ანუ ყველა იმ საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედება და გამოყენება, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებებში არის მიღებული.“ -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელსაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 23 დეპუტატი ესწრებოდა.
შეგახსენებთ, კოალიციამ „ქართული ოცნება“(რომელმაც უნდობლობა გამოუცხადა NDI-ს კვლევის შედეგებს პოლიტიკური გაერთიანებებისა და პოლიტიკური ლიდერების რეიტინგების შესახებ) მიმართა საქართველოში აშშ-ის ელჩს ჯონ ბასს წინადადებით, მომავალ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში NDI-მ და IRI-მ შეწყვიტონ საქართველოში პოლიტიკური რეიტინგების კვლევა.
საპასუხოდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში NDI-ს კვლევასთან დაკავშირებით აღინიშნა:“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს, მათ შორის, საზოგადოებრივი აზრის კვლევით, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა შეხედულებების გარკვევაში გვეხმარება. ამგვარი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ასპექტია იმის განსაზღვრა, თუ რომელი საკითხები აღელვებს საზოგადოებას ყველაზე მეტად. კვლევები პოლიტიკურ პარტიებს ეხმარება, უკეთ უპასუხონ საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს.დარწმუნებულნი ვართ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, აგრეთვე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევები პროფესიულადაა ჩატარებული და ლეგიტიმურ მეთოდოლოგიას ეფუძნება.“





