პარლამენტი

საქართველო აფხაზეთში ისტორიულ ძეგლებზე უკანონო სამუშაოების შეწყვეტას ითხოვს

საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქვის, ბედიისა და სხვა ქართულ ტაძრებზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების გამო და ოკუპირებულ აფხაზეთში ისტორიული ძეგლების განზრახ დაზიანების ფაქტებზე საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირებას ითხოვს. პარლამენტმა დღეს მიღებული განცხადებით საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა საოკუპაციო რეჟიმსა და აფხაზეთის მარიონეტულ მმართველობას მოსთხოვოს აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების შეწყვეტა. განცხადება შეიცავს მოწოდებას რუსეთის ფედერაციისადმი, ძეგლების მდგომარეობის შესასწავლად ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაუშვას იუნესკოსა და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები.

მსგავსმა რესტავრაციამ უკვე გამოიწვია ქართული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ძეგლის, ილორის წმ. გიორგის მონასტრის დაზიანება და მასზე ქართული კვალის წაშლა. უდავოა, რომ ამ ვანდალიზმის მიზანი, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის სრული განადგურებაა, - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში.

 

კომენტარები